ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო იმ ადგილას, სადაც სრულდებოდა მართლმსაჯულება ჩვენი წინაპრების, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანების, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა უზენაესი სასამართლოს შენობის 120 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ეს არის ის ადგილი, სადაც საქართველოს ისტორიის ნაწილი კეთდებოდა.
პრეზიდენტის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ეს შენობა არის ქართულ-პოლონური ურთიერთობის ნაწილი.
"ეს არის ნაწილი ურთიერთობისა იმ ქვეყანასთან და იმ ერთან, რომელთანაც ძალიან ბევრი გვაკავშირებს და მომავალშიც ძალიან დიდი პერსპექტივები გვაქვს", - განაცხადა მარგველაშვილმა.
მისივე თქმით, სახელმწიფო შედგება სამი ძირითადი ასპექტისგან, რომელზეც დამყარებულია სახელმწიფო სისტემა, მაგრამ, სასამართლო სისტემა ამ სამიდან უმთავრესია.
"ჩვენ, მოქალაქეები, როდესაც ვეძებთ სამართალს, დაცვას, ძლიერთაგან ამა ქვეყნისა, ან იმ ვითარებაში, როდესაც მიგვაჩნია, რომ დაჩაგრულები ვართ, ბოლო ინსტანციად სასამართლოს ვხედავთ. ვხედავთ სასამართლოს, როგორც იმ ადგილს, სადაც უსწორმასწორობა, ან გარკვეული შეცდომის გამოსწორება ხდება.
როდესაც ჩვენ მოვდივართ ამ დარბაზებში, მოსამართლეს ვუყურებთ, როგორც ჭეშმარიტების მატარებელს და იმ ადამიანს, რომელიც ბევრ შეცდომას თავისი გადაწყვეტილებით გაასწორებს. არც ერთ პოლიტიკოსს ჩვენ ასე არ ვუყურებთ. ჩვენ ვირჩევთ პოლიტიკოსებს მათი შეხედულებების მიხედვით, ჩვენ ვიცით, რომ მათ გააჩნიათ სხვადასხვა აზრი ან მოსაზრება, მაგრამ არ მიგვაჩნია, რომ ისინი არიან ჭეშმარიტების მატარებელნი. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მათ სწორი პოზიცია გააჩნიათ. ხოლო მოსამართლის შემთხვევაში, ჩვენ მოსამართლეს ვუყურებთ როგორც უზენაესი ჭეშმარიტების საჭეთმყრობელს.
სწორედ ამიტომაც, ჩვენ პოლიტიკურ სისტემაში იცვლებიან პარლამენტარები, მინისტრები, იცვლებიან პრეზიდენტები, მაგრამ ის სტრუქტურა, რომელიც ინარჩუნებს სტაბილურობას სახელმწიფოში, არის ჩვენი სასამართლო სისტემა. რომ შევხედოთ სახელმწიფო სისტემას, შესაძლოა ვითარებამ მოიყვანოს ესა თუ ის პოლიტიკური ძალა ხელისუფლებაში, შესაძლებელია მოვიდნენ ესა თუ ის მმართველები, მაგრამ ის რაც შეინარჩუნებს ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას, ძირითად ღირებულებებს, სამართლიანობის განცდას საზოგადოებაში, არის სწორედ ის სისტემა, რომელიც არ იცვლება, არამედ არის ბევრად უფრო სტაბილური და განაპირობებს ქვეყნის მდგრადობას", - განაცხადა პრეზიდენტმა.
როგორც გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, სასამართლო სისტემას ჰყავდა, ჰყავს და ეყოლება განსაკუთრებული მოსამართლეები, განსაკუთრებული პიროვნებები, რომლებიც ქმნიდნენ ისტორიას ამ სისტემის და ჩვენი ერის.
"როგორც პრეზიდენტის ინსტიტუტი, ჩვენ აქტიურად ვართ ჩართული ძლიერი, მიუკერძოებელი სასამართლოს ფორმირების პროცესში", -განაცხადა მარგველაშვილმა.