ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე პრეზიდენტის მიერ წარდგენილ ნიკოლოზ ყაველაშვილის კანდიდატურას პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა.
6 მომხრე, 1 წინააღმდეგი – ასეთი იყო კომიტეტის სხდომაზე ჩატარებული ფარული კენჭისყრის შედეგი. გარდა კომიტეტისა, ნიკოლოზ ყაველაშვილს ზეპირსიტყვიერად მხარდაჭერა ფრაქციებმაც გამოუცხადეს.
კომიტეტის სხდომაზე დეპუტატები ლარის გაცვლითი კურსის გაუარესებასთან დაკავშირებით ყაველაშვილის პოზიციით დაინტერესდნენ. ლარის "ვარდნის" მიზეზებს შორის ყაველაშვილმა სავაჭრო დეფიციტი, ვალუტის შემოსვლის პრობლემა დაასახელა და როგორც განაცხადა, ამას ეროვნული ბანკი მარტო ვერასდროს გააკონტროლებს. ყაველაშვილის თქმით, ეს მთლიანად ეკონომიკის პრობლემაა.