უზენაესი სასამართლოს შენობას მართლმსაჯულების სასახლეს სამართლიანად უწოდებენ

უზენაესი სასამართლოს შენობას მართლმსაჯულების სასახლეს სამართლიანად უწოდებენ

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, კონსტანტინე კუბლაშვილის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს შენობას მართლმსაჯულების სასახლეს სამართლიანად უწოდებენ უკვე დიდი ხანია.

როგორც კონსტანტინე კუბლაშვილმა უზენაესი სასამართლოს შენობის 120 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ამ შენობას თავისი ბრწინვალებით აღტაცებაში მოჰყავს, როგორც უცხოელი სტუმრები, ისე საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ერთხელ მაინც ყოფილან აქ.

კუბლაშვილმა დეტალურად ისაუბრა შენობის ისტორიაზე დაარსების დღიდან დღემდე. მისი თქმით, შეიძლება ბევრმა არ იცის, რომ ეს სასახლე სპეციალურად დაიგეგმა და აიგო მე-19 საუკუნის მიწურულს, სპეციალურად მაშინდელი უმაღლესი სასამართლოსთვის.

"საბოლოო ჯამში დრომ, 21-ე საუკუნემ, ძალიან ბევრი ცვლილება მოიტანა და ამ შენობამ იგივე ბრწყინვალებით შეაბიჯა 21-ე საუკუნეში, თუმცა, იმავდროულად ბევრი ცვილილებით, გამომდინარე წინ წასული ტექნოლოგიური პროგრესიდან. 2005 წლის ნოემბრიდან უზენაესი სასამართლო ამ შენობაში მუშაობს, როგორც მხოლოდ საკასაციო ინსტანციის სასამართლო, იგივე ფუნქციები აქვს, როგორც მსოფლიოში სხვა უზენაეს სასამართლოებს. გარდა ამისა, ძალიან მძლავრად არის შემოსული ის ტექნიკური საშუალებები, რითაც პირველ რიგში სწორედ სასამართლოს საქმიანობა გახდა უფრო სწრაფი", - განაცხადა კონსტანტინე კუბლაშვილმა.

საზეიმო მიღებას დაესწრნენ: საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, უზენაესი სასამართლოს შენობის არქიტექტორის ალექსანდრე შინკევიჩის შთამომავალი ირინა ჩერნიევა, ზუბალაშვილების შთამომავალი თინათინ კოკოჩაშვილი, პლენარული დარბაზის ჭაღის ავტორის შთამომავალი ეკატერინე ერგემლიძე, შენობის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით სკულპტურული კომპოზიციის ავტორი კოტე მემანიშვილი. 120 წლის იუბილეს დაესწრნენ ასევე სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები, უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლეები.

მიწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილმა, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და ალექსანდრე შინკევიჩის შთამომავალმა ირინა ჩერნიევამ. ღონისძიება საქართველოში პოლონეთის საელჩოს აქტიური მხარდაჭერით გაიმართა. მათივე ინიციატივით მოეწყო შინკევიჩის პროექტების მიხედვით აგებული შენობების პლაკატების გამოფენა.