რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასა და ანექსიას შორის

რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასა და ანექსიას შორის "განსხვავება არ არის"

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილის აზრით, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასა და ანექსიას შორის "განსხვავება არ არის, იმიტომ რომ ოკუპაცია ანექსიის ნაწილია".

ამის შესახებ ზაქარეიშვილმა ჟურნალისტებს დღეს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის ლეონიდ თიბილოვის იმ ინიციატივაზე საუბრისას განუცხადა, რომელიც "მოკავშირეობისა და პარტნიორობის შესახებ" მომავალ შეთანხმებაში ე.წ. სამხრეთ ოსეთის რუსეთთან მიერთების საკითხის შეტანას ითვალისწინებს.

"თიბილოვს მე მგონი, მოსწონს, ქართული პრესის ასეთი ყურადღება მის მიმართ და იცის, რომ ყოველ დილით, მაგალითად მერცხლებზე თუ ილაპარაკებს, ამაზე გავაკეთებთ კომენტარს. არასერიოზულია, როდესაც საქართველოში ოფიციალური პირები რეაგირებას ახდენენ არაოფიციალურ პირებზე, ეს მე მგონი არასწორია, მაგრამ თუ თქვენ თვლით რომ სწორია, გავაკეთებ კომენტარს. რუსეთთან მიერთების საფრთხე სამხრეთ ოსეთის მიმართ არსებობს უკვე 2008 წლის აგვისტოდან, ანუ იმაზე მეტი მიერთება, რაც რუსეთმა უკვე განახორციელა 2008 წლის აგვისტოში, ვეღარ მოხდება. რამდენი წყალი შეიძლება ჩაასხა 3-ლიტრიან ქილაში? - მხოლოდ სამი ლიტრი, დანარჩენი გადმოიღვრება. ანუ რუსეთმა დიდი ხანია აითვისა, მიითვისა სამხრეთ ოსეთი, თვითონ მართავს სიტუაციას, რუსული რუბლი ტრიალებს იქ, რუსეთის საოკუპაციო ჯარები დგანან. არა არსებობს არანაირი საზოგადოებრივ-პოლიტიკურ-სამართლებრივი ქცევები, რომლებიც შეიძლება არ უკავშირდებოდეს საოკუპაციო ჯარებს, ანუ შეუძლებელია ამაზე მეტად იყოს ათვისებული სამხრეთ ოსეთი რუსეთის მიერ. რასაც თქვენ გულისხმობთ, ეს არის უკვე ე.წ. ხელშეკრულება, მაგრამ როგორც კი ვიწყებთ მოსკოვსა და ცხინვალს შორის გარკვეულ შეთანხმებებზე საუბარს, ამით ამ დოკუმენტებისას ლეგიტიმაციას ვახდენთ. მაშინ კეთილი ვინებოთ და ვისაუბროთ ყველა იმ დოკუმენტზე, რომლებზეც სწორად არ ვსაუბრობდით იგივე სააკაშვილის დროს. 80-ზე მეტ დოკუმენტს აქვს ხელი მოწერილი, მათ შორის ცენტრალურია 2008 წლის სექტემბრის ხელშეკრულებები, საიდანაც გამოდის ყველა სხვა ხელშეკრულება. შესაბამისად, მე არ მაქვს უფლება და არ ვაპირებ ჩავყვე ვინმეს დოკუმენტზე მსჯელობაში, ეს ნიშნავს, რომ ამ დოკუმეტნის ლეგიტიმაციას ვახდენთ", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

მისივე თქმით, ჩვენ უნდა ამოვიდეთ იქიდან, რომ რუსეთი ახდენს თავისი პოლიტიკის რეალიზებას საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვევით და ყოველდღიურად ცდილობს, მეტად მიითვისოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიები.

კითხვაზე, არის თუ არა განსხვავება იმაში, რომ დღევანდელ მდგომარეობით, საქართველოს რეგიონები ოკუპირებულია, რუსეთი მათ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებს, ხოლო თუ მოხდება ანექსია, ეს ტერიტორიები რუსეთის ნაწილი გახდება, ზაქარეიშვილი პასუხობს, რომ "განსხვავება არ არის".

"ოკუპაცია არის ანექსიის ნაწილი და ოკუპაციით ხდება ანექსია თავისთავად. ოკუპაციას ორი გამოსავალი აქვს – დეოკუპაცია ან საბოლოოდ ოკუპაციის დაკანონება ანექსიის ფორმით. ანუ ოკუპაცია არის ანექსიის ერთ-ერთი ყელაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რათა სახელმწიფომ ოკუპაციის გზით მოიპოვოს ესა თუ ის ტერიტორია. ანექსია მოხდება მაშინ, როდესაც მსოფლიო აღიარებს ამას. დღეს მთელი მსოფლიო მხარში უდგას საქართველოს და ამბობს, რომ არანაირ შემთხვევაში არ აღიარებს ხელშეკრულებებს. ანექსია ვერ განხორციელდება იმაზე მეტად, ვიდრე დღეს არის, მაშინ გამოვა რომ ჩვენ რაღაც დოკუმენტებს ვაღიარებთ. ეს არის ძალიან დიდი დანაშაული საზოგადოების მხრიდან, თორემ ჩვენ, ხელისუფლება ამას არ დავუშვებთ", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

მისივე თქმით, აფხაზების და ოსების გადარჩენა არის საქართველოს მიერ მათი დოკუმენტების, ქმედებების არაღიარებაში.

"რუსეთმა შეიტყუა აფახაზეთი და ოსეთი რაღაც ვითომ ლეგიტიმურ პროცესში. მათი გაგებით ლეგიტიმური თამაშის სტილში მოაწერინა ხელი დოკუმენტებზე და შემდეგ დღეს აწერინებს ხელს იმ დოკუმენტზე, რომლებიც მათ სუვერენიტეტს ეწინააღმდეგება. ეს დაახლოებით იმას ჰგავს, შულერი რომ თამაშობს ქუჩაში კარტს, შეიტყუებს ვიღაც არიფს, ერთ-ორს მოაგებინებს, მიაღებინებს თამაშის წესებს და შემდეგ წააგებინებს, ანუ ის ხმას ვერ ამოიღებს რატომ წააგო ფული. რუსეთიც ასე ვითომ ლეგიტიმური თამაშებით აცლის მათ ლეგიტიმაციას. ჩვენი ამოცანაა, არ ჩავყვეთ რუსეთს ამ თამაშებში და თქვენც, პრესასაც მოგიწოდებთ ასე მოიქცეთ", - განუცხადა ზაქარეიშვილმა ჟურნალისტებს.