უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კონსტანტინე კუბლაშვილის განცხადებით, სასამართლო სისტემას უფრო მეტი დამოუკიდებლობისთვის და ობიექტურობისთვის სჭირდება უცვლელობა და მუდმივობა. ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ უზენაესი სასამართლოს შენობის 120 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო მიღების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც კუბლაშვილმა განაცხადა, დღეს აღნიშნეს უზენაესი სასამართლოს შენობის, მართლმსაჯულების სასახლის 120 წელი, სადაც გაიხსენეს ყველაფერი ის, რაც ამ სასახლეს უკავშირდებოდა 120 წლის მანძილზე.
"ბატონი პრეზიდენტი ბრძანდებოდა და მან ძალიან საინტერესო სიტყვა წარმოთქვა. ყველა სხვა ადამიანი, რომელიც დაკავშირებული იყო ამ შენობასთან ჩვენ მოვიწვიეთ და შევეცადეთ მცირე საჩუქრებით დაგვეფასებინა მათი ღვაწლი. ასევე მოვიწვიეთ ის მოსამართლეები, რომლებიც ყველაზე დიდხანს იყვნენ მოსამართლეები. მე ვფიქრობ, ეს ყველაფერი აუცილებელია იმისთვის, რომ სასამართლო სისტემა, კონკრეტულად უზენაესი სასამართლო დაფასდეს. უნდა აღინიშნოს ის, რომ უფრო მეტი დამოუკიდებლობისთვის, უფრო მეტი ობიექტურობისთვის, პირველ რიგში სასამართლო სისტემას სჭირდება ის რაც აქვს ამ შენობას, უცვლელობა და მუდმივობა. ეს შენობა 120 წელია დგას, 21-ე საუკუნეში მან თავის მესამე საუკუნეში შეაბიჯა. სწორედ ასე უნდა იყვნენ მოსამართლეებიც, უვადოდ უნდა იყვნენ ისინი დანიშნული და მაშინ მათ ექნებათ ყველაზე მთავარი, რაც არის სტაბილურობა და უცვლელობა", - განაცხადა კონსტანტინე კუბლაშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, ამისთვის კეთდება ყველაფერი და იმედი გამოთქვა, რომ ეს მომავალში აუცილებლად განხორციელდება.