აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ჯორჯ ბუში-უმცროსი სრულად იყო ინფორმირებული ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს მიერ დაკითხვისას გამოყენებული მეთოდების თაობაზე, რომელსაც სენატი გმობს. ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა დიკ ჩეინიმ განაცხადა.
"ფოქს ნიუსთან" საუბრისას დიკ ჩეინიმ სენატის მიერ მომზადებულ ანგარიშს სრული სისულელე უწოდა და აღნიშნა, რომ ჯორჯ ბუშმა იცოდა ყველაფერი, რისი ცოდნაც სჭირდებოდა.
"ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს მიერ გამოყენებულმა დაკითხვის პროგრამამ ადამიანები გადაარჩინა. ამისთვის სააგენტო იმსახურებს ქებას და არა - გაკიცხვას", - აღნიშნა დიკ ჩეინიმ და დასძინა, რომ ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს მუშაობამ ქვეყანა მომავალი თავდასხმებისგან იხსნა.
აშშ-ის სენატის დაზვერვის კომიტეტმა სამშაბათს გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც ნათქვამი იყო, რომ ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს თანამშრომლები "ალ ქაიდას" ტერორიზმში ეჭვმიტანილთა დაკითხვისას წამების მეთოდებს იყენებდნენ. მსგავსი მეთოდებით ეჭვმიტანილთა დაკითხვა 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ, ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობისას დაინერგა. აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ეს მეთოდი ხელისუფლებაში მოსვლისთანავე გააუქმა.