ყველას გვიკვირს, როდესაც საზოგადოებაში არსებობს მოსაზრება, თითქოს ბიძინა ივანიშვილი წარმართავს პოლიტიკას

ყველას გვიკვირს, როდესაც საზოგადოებაში არსებობს მოსაზრება, თითქოს ბიძინა ივანიშვილი წარმართავს პოლიტიკას

ყველას გვიკვირს ხოლმე, როდესაც საზოგადოებაში არსებობს მოსაზრება, თითქოს ბიძინა ივანიშვილი წარმართავს პოლიტიკას, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, პაატა ზაქარეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ზაქარეიშვილის თქმით, მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილი აღარ არის პრემიერ-მინისტრი, მას არ ჰქონია არც ერთი შემთხვევა, როდესაც ივანიშვილს ჰქონოდა მცდელობა, რომ კორექტირება მოეხდინა მისი უწყების საქმიანობის.

"ორჯერ ვარ შეხვედრილი, ისიც საზოგადოდ. არასოდეს მიგრძვნია, რომ ბიძინა ივანიშვილს ჰქონია სურვილი ჩემს საქმიანობაში ჩარევის და სხვა მინისტრებისგანაც მსმენია იგივე. ყველას გვიკვირს ხოლმე, როდესაც საზოგადოებაში არსებობს მოსაზრება, თითქოს ბიძინა ივანიშვილი წარმართავს პოლიტიკას", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

რაც შეეხება მიმდინარე საკადრო გადაადგილებებს, ზაქარეიშვილის თქმით, ეს ცვლილებები, რომლებიც განხორციელდა კონკრეტულ უწყებებში, ძალიან ბუნებრივი მოვლენაა და საკადრო გადაადგილებები ნებისმიერი ქვეყნისთვის ნიშანდობლივია.

"ეს არის პრემიერ-მინისტრის გადააწყვეტილება და მე დარწმუნებული ვარ, რომ მისი გადაწყვეტილება შეესაბამება ამ დროისთვის არსებულ ვითარებას. საკადრო პოლიტიკის ცვლილება მთელ მსოფლიოში ჩვეულებრივი ამბავია, ნახეთ ახლა ობამამ შეცვალა გარკვეული მინისტრები, მადლობა ღმერთს რომ ჩვენთან არ არის ჩაცემენტებული ხელისუფლება და არ გვეშინია ცვლილებების", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

საკადრო გადაადგილებებს, კერძოდ შს მინისტრის მოადგილის გიორგი ზედელაშვილის შს მინისტრის მოადგილის პოსტის დატოვებას გამოეხმაურა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარიც. სუბარის თქმით, მან ეს ინფორმაცია დღეს საინფორმაცია საშუალებებიდან მოისმინა და არ გადაუმოწმებია.

"ალბათ მართალია, რადგან ამბობთ, მაგრამ ზოგადად საკადრო ცვლილებები ყოველთვის იყო, ყოველთვის იქნება და ამაში ტრაგიკული არაფერია. ეს არის ჩვეულებრივი პროცესები, როდესაც გარკვეული ადამიანები გარკვეული პერიოდის შემდეგ იცვლიან თანამდებობეს, მათ ცვლიან სხვები და ამაში ვერაფერს განსაკუთრებულს ვერ ვხედავ", - განაცხადა სოზარ სუბარმა.