უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა შესახებ კანონში შესაძლოა მორიგი ცვლილებები შევიდეს, რომელიც 2015 წლის იანვრიდან იგეგმება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 9 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ღარიბაშვილის განცხადებით, კანონში არსებული ხარვეზები გამოსწორდება და სავიზო რეჟიმი გამარტივდება. საკანომდებლო ორგანოს უკვე გაეგზავნა ცვლილებათა პაკეტი, რომელიც თვის ბოლომდე დამტკიცდება.
ღარიბაშვილის განმარტებით, გარკვეული პუნქტების გამარტივება ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულებას პრობლემას არ შეუქმნის.
უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა შესახებ საქართველოს კანონი მიმდინარე წლის პირველი სექტემბრიდან ამოქმედდა, რის შემდეგაც ქვეყანამ სავიზო რეჟიმი გაამკაცრა.