საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი შესაძლოა, კახა ცხადაძე გახდეს. ამის შესახებ ინფორმაციას ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო" ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და კახა ცხადაძე პირობებზე უკვე შეთანხმდნენ. ცხადაძე საქართველოს ნაკრებს მალტასთან ამხანაგურ და გერმანია-პოლონეთთან ევროშესარჩევ მატჩებში უკვე მწვრთნელის რანგში უხელმძღვანელებს, პარალელურად ბაქოს "ინტერში" სეზონსაც დაასრულებს.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში ადასტურებენ ინფორმაციას, რომ მოლაპარაკებები კახა ცხადაძესთან მართლაც მიმდინარეობს, თუმცა ამბობენ, რომ მასთან ერთად კიდევ რამდენიმე კანდიდატი განიხილება და ამ ეტაპზე ფედერაციას ფავორიტი შერჩეული არ ყავს.
ფეხბურთის ფედერაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი თვის ბოლოს გახდება ცნობილი.
საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი თემურ ქეცბაიამ 15 ნოემბერს დატოვა.