სირიასა და ერაყის ჩრდილოეთში მეომარ ჯიჰადისტებს შორის განსაკუთრებული პატივიცემით სარგებლობენ ჩეჩნები, რადგან ისინი გამოცდილი მებრძოლები არიან - მათ საბრძოლო ნათლობა ჯერ კიდევ რუსეთის რეგულარული არმიის ნაწილებთან შეტაკებებში მიიღეს, - ნათქვამია გაზეთ „ფრანკფურტერ ალჰემაინე ცაიტუნგის" (გერმანია) პოლიტიკური მიმომხილველის მარკუს ვენერის სტატიაში.
ჩეჩენ მებრძოლებს შორისაა ერთ-ერთი ბრიგადის მეთაური, 42 წლის მუსლიმ აბუ-ვალიდი. „გარეგნულად იგი მკაცრ საველე მეთაურს ნაკლებად ჰგავს, მას გრძელი ქერა თმა აქვს, ჟღალი წვერი და ცისფერი თვალები, რის გამოც აბუ-ვალიდი დიდსულოვან და კეთილ ადამიანად მოგეჩვენებათ, - წერს ჟურნალისტი, - მაგრამ სინამდვილეში ეს კაცი, რომელსაც ხშირად „ვიკინგსაც" ეძახიან, გერმანიიდან სირიაში წასული მრავალი ისლამისტის კერპად ითვლება. გერმანელი კონტრმზვერავების თქმით, აბუ-ვალიდი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა ადგილობრივ ჯიჰადისტებში და ძალიან ბევრს სწორედ მასთან ერთად სურდა ბრძოლა. სირიაში მუსლიმ აბუ-ვალიდი მოძრაობა „იუნულ ალ-შამ"-ის („სირიელი ჯარისკაცების") ხელმძღვანელია.
მუსლიმ აბუ-ვალიდის ნამდვილი სახელი და გვარია მურად მარგოშვილი. მისი საგვარეულო საქართველოში, ჩეჩნეთის საზღვართან ახლოს, პანკისის ხეობაში ცხოვრობს და რეგიონში ერთ-ერთ გავლენიან კლანად ითვლება. ხეობის მოსახლეობა შვიდი ათასამდე ქისტისაგან [ეთნიკური ჩეჩენი] შედგება. ჩეჩნეთის წინააღმდეგ განხორციელებულ ორივე რუსულ კამპანიაში პანკისის ხეობას ჩეჩენი „ბოევიკები" თავშესაფრად იყენებდნენ, რის გამოც რუსეთი დაბომბვით იმუქრებოდა. მურად მარგოშვილი მსახურობდა საბჭოთა კავშირის ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის ჯარებში, რომლის ერთ-ერთი სამხედრო ბაზა მონღოლეთში იყო დისლოცირებული. იგი რუსეთის ანტიჩეჩნური კამპანიის დროს ჰატაბის რაზმში იბრძოდა.
2003 წელს მურად მარგოშვილი, რომელიც, როგორც ამბობენ, ამ დროისთვის უკვე კონტრაბანდულ საქმეებში მონაწილეობდა (მადაევის გვარით), რუსებს ტყვედ ჩაუვარდა, თუმცა ორი წლის შემდეგ როგორღაც გაათავისუფლეს და საქართველოში დაბრუნდა.
„2008 წელს მურად მარგოშვილი ექსტრემიზმის კერაში - დაღესტანში გამოჩნდა. სწორედ იქ დაირქვა მან სახელად მუსლიმ აბუ-ვალიდი. რაც დრო გადიოდა, კრემლის სპეცსამსახურების გავლენის გაფართოების გამო, „კავკასიის ემირატის" მებრძოლებს რუსეთში ბრძოლა უძნელდებოდათ. „გარდა ამისა, საქართველოშიც ძველებურად აღარ ხერხდებოდა საიმედო თავშესაფრით სარგებლობა, - წერს მარკუს ვენერი, - 2012 წლის ზაფხულში ლოპოტის ხეობაში მოხდა შეტაკება საქართველოს სპეცსამსახურებსა და ჩეჩენთა შეიარაღებულ რაზმს შორის. ამის შემდეგ მურად მარგოშვილი იძულებული გახდა, სირიაში წასულიყო".
სპეცსამსახურების მონაცემებით, სულ ჩრდილოეთ ერაყსა და სირიაში დაახლოებით ათასამდე ჩეჩენი და სხვა ჩრდილოეთკავკასიური წარმოშობის მქონე „ბოევიკი" იბრძვის. მათ მიაჩნიათ, რომ იქ ისინი რუსეთს ებრძვიან, რადგან სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი კრემლის მოკავშირეა. ჩეჩნებს „ისლამურ სახელმწიფოში" დიდ პატივს სცემენ: იქ არის კიდევ ერთი გავლენიანი ჩეჩენი აბუ-ომარ ალ-შიშანი, იგივე თარხან ბათირაშვილი, რომელიც მურად მარგოშვილის სამშობლოდანაა - საქართველოში მდებარე პანკისის ხეობიდან. თარხანი საქართველოს არმიაში მსახურობდა და ცნობილი „ხუთდღიანი ომის" დროს რუსებს სამხრეთ ოსეთში ებრძოდა, შემდეგ კი, 2012 წელს, სირიაში საომრად წავიდა, - ნათქვამია პუბლიკაციაში.
http://www.faz.net/aktuell/politik/ausland/naher-osten/krieg-in-syrien-der-stosstrupp-des-dschihad-13306794.html