გაერო და ადამიანის უფლებათა დამცველი გაერთიანებები იმ ამერიკელი ჩინოვნიკების გასამართლებას მოითხოვენ, რომელთა ბრძანებითაც აშშ-ის სპეცსამსახურები, სენატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ტერორიზმში ეჭვმიტანილთა დაკითხვისას წამების მეთოდებს იყენებდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას "ბიბისი" ავრცელებს.
გაერო-ს სპეციალური მომხსენებლის ბენ ემერსონის განცხადებით, ჯორჯ ბუში-უმცროსის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები, რომლებსაც ბრალი მიუძღვით ტერორიზმში ეჭვმიტანილთა წამებაში, უნდა გასამართლდნენ ისევე, როგორც აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო ბიუროსა და აშშ-ის ხელისუფლების ჩინოვნიკები.
"საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით, აშშ ვალდებულია ყველა პასუხისმგებელი პირი გაასამართლოს", - განაცხადა გაერო-ს სპეციალურმა წარმომადგენელმა.
გუშინ აშშ-ის სენატმა გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც ნათქვამი იყო, რომ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო ბიუროს თანამშრომლები წამების მეთოდების იყენებდნენ ტერორიზმში ეჭვმიტანილი "ალ ქაიდას" წევრების დაკითხვისას. სენატის დაზვერვის კომიტეტის განცხადებით, დაკითხვის მსგავსი მეთოდების გამოყენებას სასურველი შედეგი არ მოუტანია.
"ეს დაკითხვები წესების დარღვევით მიმდინარეობდა. მოპოვებული ინფორმაცია კი სწორი და სანდო არ გამოდგა", - ნათქვამია სენატის ანგარიშში.
აშშ-ის სენატის ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ დაკითხვის მეთოდები შეიცავდა ფიზიკურ ზემოქმედებას, რომელიც ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს სამედიცინო გუნდის გაფართხილების მიუხედავად განხორციელდა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ანგარიშში მოყვანილ გარემოებებს შემაშფოთებელი უწოდა.
"ვიმედოვნებ, ეს ანგარიში დაგვეხმარება ყველა მსგავსი მეთოდი ისევ იქ დავტოვოთ, სადაც არის - წარსულში", - აღნიშნა ბარაკ ობამამ.
აშშ-ის სენატმა გუშინ გამოაქვეყნა 6 ათასგვერდიანი ანგარიში, რომელიც აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს თანამშრომლების მიერ ტერორიზმში ეჭვმიტანილი "ალ ქაიდას" წევრების დაკითხვისას სასტიკი მეთოდების გამოყენებას ეხება. დაკითხვისას მსგავსი მეთოდების გამოყენება აშშ-ში 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის გამოყენების შემდეგ, ჯორჯ ბუში-უმცროსის პრეზიდენტობისას დაიწყეს. აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ქვეყნის სათავეში მოსვლისთანავე გააუქმა ეს მეთოდები.