მთავარი პროკურატურა თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებულ შესყიდვების საქმეზე გამოძიებას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და მითვისება-გაფლანგვის მუხლებით აწარმოებს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მთავარ პროკურატურაში განუცხადეს.
მათი ინფორმაციით, სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, რომ პროკურატურა მერიაში შევიდა. მთავარ საგამოძიებო უწყებაში განმარტავენ, რომ ხსენებულ საქმეზე გამოძიება შეისწავლის მერიის მიერ გადაგზავნილ დოკუმენტაციას.
"მერიასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის შესახებ საზოგადოების ინფორმირების მიზნით მთავარი პროკურატურა განამარტავს, რომ თბილისის მერიასა და გამგეობებში არანაირი საგამოძიებო მოქმედებები არ ჩატარებულა და არც მიმდინარეობს. პროკურატურაში დაწყებულია გამოძიება 2014 წლის თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით განხორციელებული შესყიდვის კანონიერების შესწავლის მიზნით. ხსენებულ საქმეზე მერია გამოძიებასთან აქტიურად თანამშრომლობს, რის ფარგლებშიც მოხდება მერიის მიერ გადმოგზავნილი დოკუმენტაციის შესწავლა. ამ საქმეზე გამოძიება სისხლს სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით და 182-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს", - განაცხადეს პროკურატურაში.