"აირზენა" დღეიდან მოსკოვის მიმართულებით ფრენებს წყვეტს

კომპანია "აირზენა" დღეიდან მოსკოვის მიმართულებით ფრენებს წყვეტს. როგორც კომპანიის ხელმძღვანელობა აცხადებს, "აირზენა" სერიოზულ ზარალს განიცდის. "აირზენას" ხელმძღვანელობა პარიტეტული პრინციპის დარღვევებზე საუბრობს. 

"აირზენას" წარმომადგენლები რუსულ ავიაკომპანიებთან ერთად თანაბარ პირობებში ჩაყენებას ითხოვენ. მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში კომპანიის წარმომადგენლები არ გამორიცხავენ აქციები გამართონ და პროტესტის უკიდურეს ფორმას შიმშილობას მიმართონ. 

"ავიაკომპანიის საფრენოსნო სამსახურის და ტექნიკური სამსახურის პერსონალმა უარი განაცხადა ამ რეისის მომსახურებაზე. იმ გადაწყვეტილების მიხდვით, რაც დღესდღეისობით მოქმედებს რუსეთის ფედერაციის ავიაკომპანიების ფრენებთან დაკავშირებით, ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისი" ყოველდღიურად განიცდის სერიოზულ ფინანსურ ზარლს. შესაბამისად, პარიტეტის პრინციპის დარღვევა სასტიკად ეწინააღმდეგება იმ მოთხოვნებს, რაც გააჩნია ავიაკომპანიას აღნიშნულ ფრენებთან მიმართებაში", - განაცხადა "აირზენას" გენერალურმა დირექტორმა იასე ზაუტაშვილმა "რუსთავი2"-თან საუბრისას. 
"ჯერ კიდევ წინა ხელიუსფლების დრო დაიწყო ავიაკომპანიების განადგურება. დღევანდელმა ხელისუფლებამ გადაიყვანა ეს ფინალურ სტადიამდე და საახალწლო საჩუქარი მოგვიმზადა. შემოუშვა განუსაზღვრელი რაოდენობით რუსული კომპანიები და ბაზარზე შექმნა ძალიან არაჯანსაღი სიტუაცია. ეს, საბოლოო ჯამში გამოიწვევს ქაოსს და ბილეთების გაძვირებას", - აცხადებს მფრინავი დავით მიკუჩაძე.