ODIHR საქართველოში სასამართლო წესრიგისა და სასამართლო პროცედურების ფორმალობის დაუცველობაზე ამახვილებს ყურადღებას

ODIHR საქართველოში სასამართლო წესრიგისა და სასამართლო პროცედურების ფორმალობის დაუცველობაზე ამახვილებს ყურადღებას

დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (ODIHR) საქართველოში სასამართლო წესრიგისა და სასამართლო პროცედურების ფორმალობის დაუცველობაზე ამახვილებს ყურადღებას.

როგორც ორგანიზაციის მიერ საქართველოს სასამართლო სისტემის შესახებ ანგარიშშია ნათქვამი, მრავალი მაგალითია, რომ წესრიგის დარღვევას მოსამართლეთა მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია.

"მონიტორინგის ყველა საქმეში მონიტორებმა იხილეს სასამართლო წესრიგისა და სასამართლო პროცედურების ფორმალობის დაუცველობის მრავალი მაგალითი, რასაც სხდომის თავმჯდომარე მოსამართლისგან ან არ მოჰყოლია რეაგირება, ან მის მიერ წესრიგის აღდგენის მცდელობას არ მოუტანია სასურველი შედეგი. იმ საქმეების განხილვისას, სადაც წარმოდგენილი იყო დამცველ ადვოკატთა დიდი რაოდენობა, მოსამართლე რეგულარულად იკავებდა თავს ზომების მიღებისგან, რათა შეეჩერებინა ადვოკატები, რომლებიც პროკურორს უყვიროდნენ ან პირიქით. სასამართლო სხდომის თავმჯდომარე მოსამართლე მხარეებს, განსაკუთრებით კი დაცვის მხარეს აძლევდა მოწმეთა მუქარის, დამცირების, აგრესიული დაკითხვის ნებას დასაშვებ ფარგლებს მიღმა და იშვიათად რეაგირებდა დარბაზში ხმაურსა და სიცილზე, რაც ართულებდა პროცესების ღირსეულად ჩატარებას. ბრალდებულთა მიერ ხანგრძლივი პოლიტიკური შინაარსის სიტყვით გამოსვლისას, მოსამართლეები არაერთხელ აძლევდნენ მათ გაფრთხილებას, თუმცა არ ამყარებდნენ წესრიგს და დაჟინებით არ მოითხოვდნენ სასამართლოსადმი პატივისცემას, როდესაც დარბაზში ბრალდებულის მხარდამჭერებს შორის აურზაური ტყდებოდა. მონიტორებმა ასევე დააფიქსირეს შემთხვევები, როდესაც სხდომის თავმჯდომარე მოსამართლეები ამჟღავნებდნენ პასიურ დამოკიდებულებას იმის მაგივრად, რომ აქტიურად უზრუნველეყოთ თვით სასამართლოს, პროკურორის, ბრალდებულებისა და მოწმეთა მიმართ თავაზიანობა", - ნათქვამია კვლევაში.

ასევე, ანგარიშის თანახმად, ზოგ შემთხვევებში, მოსამართლეები თითქმის არაფერს მოიმოქმედებდნენ პროკურატურის რეპუტაციის დასაცავად, რითაც ბრალდებულის მხარდამჭერებს პროკურორის გაქილიკების საშუალება ეძლეოდათ, მისი პროტესტის მიუხედავად.

"ასევე მოსამართლის მხრიდან არ მომხდარა რეაგირება ერთ-ერთ მოსმენაზე, როდესაც, დაკითხვის დროს პროკურორის კითხვებზე პასუხის მაგივრად მოწმე სულ იმეორებდა, რომ პროკურორის ქმედებები ნაკარნახევი იყო პოლიტიკური მოტივებით. ზოგიერთი მოსამართლის პასიური დამოკიდებულება შეიძლება გამომდინარეობდეს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მოსამართლის როლის არასწორი აღქმით შეჯიბრებით პროცესში. ცხადია, რომ მათ არ უნდა დატოვონ მიკერძოებულის და პოლიტიკურად ტენდენციურის შთაბეჭდილება, რაც ნიშნავს, რომ ისინი მხარეებს თანაბრად უნდა მოეპყრონ და ყურადღება მიაქციონ იმას, თუ რა გავლენა შეიძლება იქონიოს მხარეთა თანასწორობაზე მათ მიერ გამოყენებულმა ზომებმა სასამართლოს მიმართ უპატივცემულობის გამოვლენის შემთხვევაში. ასეა თუ ისე, არსებობს ნათლად ჩამოყალიბებული საერთაშორისო და ადგილობრივი სტანდარტები მოსამართლის მიერ სასამართლო წესრიგის დაცვისა და მონაწილეთა პატივისცემის შესახებ და ეს შესაბამისად სასამართლო სხდომის თავმჯდომარე მოსამართლეს აკისრებს პასუხისმგებლობას საჭიროების შემთხვევაში გასცეს დადგენილება წესრიგის აღდგენის თაობაზე", - ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად, ზემოთ აღწერილი მაგალითები იმაზე მიანიშნებენ, რომ მოსამართლეები ხშირად ყოყმანობენ სასამართლოს შეურაცხყოფისთვის სანქციების გამოყენებაზე სასამართლო დარბაზში წესრიგის აღსადგენად.

"სასამართლო სხდომებს ხშირად აკლდა ფორმალური მხარე, რაც გასათვალისწინებელია, რადგანაც ეს საფრთხეს უქმნის პიროვნების თავისუფლებას და დაზარალებულის დაცვის უფლებებს. უწესრიგობა და უპატივცემულობა ქცევის ძირითადი წესების მიმართ სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას ძირს უთხრის პროცესის ხელშეუხებლობას, რომლის მიზანია ჭეშმარიტებისა და სამართლიანობის ხელყოფის ფაქტების დადგენა და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელება. ზემოთ აღწერილ შემთხვევებში მოსამართლეები ზოგჯერ აკეთებდნენ გამაფრთხილებელ განცხადებებს, მაგრამ ზოგადად, არასათანადო საქციელის წინააღმდეგ ისინი საკმარისად არ იყენებდნენ ისეთ სადამსჯელო ღონისძიებებს მათი უფლებამოსილების ფარგლებში, როგორიცაა ჯარიმა ან დაპატიმრება, რაც უფრო ეფექტურად აღკვეთდა სასამართლო წესის დარღვევას და ხელს შეუწყობდა სასამართლო დარბაზში წესრიგის აღდგენას და შესაბამისად სასამართლო პროცედურების ხელშეუხებლობასა და მის მიმართ საზოგადოების ნდობას", - ნათქვამია ანგარიშში.

მონიტორინგ 14 გახმაურებულ საქმეზე დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა 2013 წლის გაზაფხულიდან ჩაატარა.