მთავრობაში ყველაზე სუსტი რგოლი ხდება პრემიერ-მინისტრი

მთავრობაში ყველაზე სუსტი რგოლი ხდება პრემიერ-მინისტრი

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია ბიძინა ივანიშვილს ხელისუფლებაში დაბრუნებისკენ მოუწოდებს.

როგორც ალასანიამ "რუსთავი 2"-ის გადაცემა "არჩევანში" განაცხადა, იმ სიტუაციაში, როდესაც ქვეყანას მართავს ფიქტიური მმართველი, სახელმწიფოსთვის ჯანსაღი იქნება, რომ ბიძინა ივანიშვილი გამოვიდეს ჩრდილიდან და მართოს ქვეყანა.

"ყველასთვის ნათელია, რომ საკადრო გადაწყვეტილებების უკან დგას ბიძინა ივანიშვილი. მთავრობაში ყველაზე სუსტი რგოლი ხდება პრემიერ-მინისტრი. ფიქტიური მმართველი არ იწვევს სანდოობას. სწორი გადაწყვეტილება იქნება, რომ ბიძინა ივანიშვილმა აიღოს პასუხისმგებლობა მთავრობაზე და ჩრდილიდან არ უნდა მართოს ქვეყანა. როდესაც წასვლის გადაწყვეტილება მიიღო, კოალიციის უმრავლესობა წინააღმდეგი იყო, მაგრამ მან მაინც თავისი დაასაბუთა და გაიტანა. მე მაშინაც ვთქვი, რომ არ უნდა მოხდეს მისი პოლიტიკაში სხვადასხვა ბერკეტებით ჩართვა. სახელმწიფოსთვისაც ჯანსაღი იქნება, რომ ჩრდილიდან გამოვიდეს და მართოს ქვეყანა. სხვა შემთხვევაში ღრმა კრიზისი არის გარდაუვალი ჩვენ ქვეყანაში", - აღნიშნა ალასანიამ.

მისივე თქმით, ხელისუფლებაში არის კრიზისი და ამის გამოსასწორებლად მთავარია, რომ არაფორმალური მართვა დასრულდეს. "სხვა შემთხვევაში ღრმა კრიზისში შევალთ", - განაცხადა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა.