რიჩარდ ნორლანდი აშშ-ს მიერ დიპლომატიური წარმომადგენლობების დაცვის გაძლიერებას ეხმაურება

რიჩარდ ნორლანდი აშშ-ს მიერ დიპლომატიური წარმომადგენლობების დაცვის გაძლიერებას ეხმაურება

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი აშშ-ს მიერ დიპლომატიური წარმომადგენლობების დაცვის გაძლიერებას ეხმაურება. "ინტერპრესნიუსმა" რიჩარდ ნორლანდს აღნიშნული საკითხის კომენტირება სთხოვა და დაინტერესდა, გაძლიერდა თუ არა დაცვა საქართველოში, აშშ-ს საელჩოში.

"მე შემოვიფარგლებოდი იმით, რომ განცხადება, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნდა, ეს მთელს მსოფლიოს ეხება. მხოლოდ ამას გეტყვით", - აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა.

აღნიშნული კომენტარი ამერიკის ელჩმა ჟურნალ "... და ქალის" და "ტიფანი ბარის" ერთობლივ საზეიმო ღონისძიებაზე სტუმრობის შემდეგ გააკეთა. ბარის საზეიმო გახსნასა და ჟურნალის წლის შემაჯამებელ ღონისძიებას რიჩარდ ნორლანდი სხვა მიწვეული სტუმრებთან ერთად ესწრებოდა. ლენტი ამერიკის ელჩმა საპატიოდ გაჭრა.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მსოფლიოს მასშტაბით საკუთარი დიპლომატიური წარმომადგენლობის დაცვა გააძლიერა. თეთრი სახლის ინფორმაციით, აშშ-ის ხელისუფლებამ გადაწყვეტილება სენატის იმ ანგარიშთან დაკავშირებით მიიღო, რომელიც დღეს გამოქვეყნდება.

არსებული ინფორმაციით, სენატის ანგარიშში აღნიშნული იქნება აშშ-ის სპეცსამსახურების მიერ ტერორიზმში ეჭვმიტანილთა დაკითხვისას აკრძალული მეთოდების გამოყენების შესახებ.

"ბიბისის" ცნობით, სენატის ანგარიშს, რომელიც 6 ათასი გვერდისგან შედგება, სავარაუდოდ მწვავე კრიტიკა მოჰყვება ცენტრალური სადაზვერვო ბიუროს მიერ "ალ ქაიდას" წევრების დაკითხვისას წამების მეთოდების გამოყენებისთვის.

"დოკუმენტის გამოქვეყნებამ შესაძლოა, საფრთხე გაზარდოს მსოფლიოში ამერიკული დაწესებულებებისა და ამერიკის მოქალაქეებისთვის. ამიტომ ადმინისტრაციამ გაძლიერებული ზომები მიიღო მათი უსაფრთხოების დაცვისთვის", - განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა ჯოშ ერნსტმა.

მისივე თქმით, ამავდროულად თეთრი სახლი მხარს უჭერს მსგავსი ანგარიშის გამოქვეყნებას, პროცესების გამჭვირვალობის აუცილებლობიდან გამომდინარე.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკითხვისას აკრძალული მეთოდების გამოყენება იმ საიდუმლო პროგრამის მეთოდი იყო, რომელიც 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ, ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობისას შემოიღეს. პროგრამა 2009 წელს, პრეზიდენტად არჩევის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ შეაჩერა. აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო ბიუროს თანამშრომლები დაკავებულებს პოლონეთში, რუმინეთში, ტაილანდში, ავღანეთში, აგრეთვე გუანტანამოს ციხეში აწამებდნენ.