თავდაცვის სამინისტროს დაკავებული თანამშრომლის ადვოკატი ლევან სამუშია მთავარი პროკურორის მოადგილეს ირაკლი შოთაძეს ურჩევს, საქმის ირგვლივ ისაუბროს და არა ადვოკატები "შეამკოს".
როგორც ადვოკატმა ლევან სამუშიამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, უმჯობესი იქნება შოთაძე დაკავებულების ადვოკატების "შემკობას" შეეშვას და ყურადღება გაამახვილოს ამ საქმის პროკურორის, ჯარჯი წიკლაურის განცხადებაზე.
"შოთაძეს მინდა ვურჩიო, უკეთესი იქნება კომენტარი გააკეთოს პროკურორ ჯარჯი წიკლაურის განცხადებაზე, რომელმაც სწორად აღნიშნა, რომ პროკურატურას ამ ეტაპისათვის დანაშაულის მოტივი და მიზანი არ აქვს. თუ მოტივი და მიზანი არ არის გამოკვეთილი, ბრალეულობაზე საუბარი გამორიცხულია. ხალხს ბრალი მოტივის გარეშე წაუყენეს, ბრალი არ არსებობს და ეს ხალხი პატიმრობაშია.
შოთაძეს ურჩევნია საქმის ირგვლივ ისაუბროს, ვიდრე იმ სიტყვებით, რითაც ადვოკატები შეგვამკო", - განაცხადა ლევან სამუშიამ.
მისივე თქმით, რაც შეეხება პროკურატურის მხრიდან დაკავებულების წინასასამართლო სხდომის 2 თვით გადაწევას, ეს ამტკიცებს, რომ ბრალდების მხარეს მტკიცებულებები არ გააჩნია.
"პროკურატურას საკმაოდ დიდი ვადა ჰქონდა ამ საქმის გამოსაძიებლად, გამოძიების დაწყება არ მომხდარა მაშინ, როცა ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფებს ბრალი წაუყენეს. საგამოძიებო ვადის გაზრდა და ერთადერთი მოტივი ის არის, რომ საქმეში მტკიცებულებები არ აქვთ და ამ საქმეს სასამართლოში ვერ წარმართავენ და ვერ წარმართავდნენ. დარწმუნებით ვამბობ, რომ როგორც ახლა არ აქვთ მტკიცებულებები, ვერც შემდგომში ექნებათ, ვინაიდან თუ საქმეში ვინმეს ბრალეულობა არ იკვეთება, მტკიცებულებების მოპოვების შანსიც არ არსებობს.
ჩვენ საქმე დეტალურად შევისწავლეთ. 20 ტომია საქმე, არანაირი მტკიცებულება მასში არ არის, რომელიც ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფების დანაშაულზე მიუთითებს", - განაცხადა სამუშიამ.
ამასთან, ბრალდებულების ადვოკატები უახლოეს მომავალში სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფებს აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა შეეცვალოთ.
დღეს მთავარი პროკურორის მოადგილემ ირაკლი შოთაძემ განაცხადა, რომ ადვოკატების განცხადებები დემაგოგია და სპეკულაციაა, თითქოს გრიფმოხსნილ საქმეში არ არსებობს მტკიცებულებები, რომელიც დაკავებულების დანაშაულს ამტკიცებს.