მნიშვნელოვანია, რომ ჟენევის მოლაპარაკებები შენარჩუნდეს, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მაია ფანჯიკიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ჟენევის მოლაპარაკებებს დღემდე რაიმე კონკრეტული შედეგი არ მოუტანია, ის მაინც არის ერთადერთი საერთაშორისო ფორმატი, სადაც საქართველოს შეუძლია რუსეთთან მწვავედ დააყენოს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხები.
საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი მიიჩნევს, რომ საქართველოს დელეგაციამ მწვავედ უნდა დააყენოს რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების შესრულება და დევნილთა დაბრუნების საკითხი.
"აუცილებლად უნდა მოხერხდეს, რომ თანათავმჯდომარეებმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, გაერომ, ეუთომ და ევროკავშირმა გააკეთონ ძალიან მკაცრი განცხადებები და ეს აისახოს ჟენევის მოლაპარაკებების დასასრულს მიღებულ დასკვნებში. რომ ეს ხელშეკრულება რომელიც რუსეთმა გააფორმა არის არალეგიტიმური და უდრის საქართველოს ანექსიას. მე ასე ვთვლი, რომ ჟენევის მოლაპარაკებებზე ეს იქნება მიღწევა. მე ვფიქრობ, რომ საქართველოს დელეგაცია უნდა იყოს მკაცრი და მომთხოვნი", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
9-10 დეკემბერს ჟენევაში საერთაშორისო დისკუსიების 30-ე რაუნდი იმართება.
დისკუსიებზე ჰუმანიტარულ საკითხებზე მომუშავე, მეორე სამუშაო ჯგუფს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი უხელმძღვანელებს.
დისკუსიების 30-ე რაუნდზე დადგება რუსეთსა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას შორის 24 ნოემბერს გაფორმებული ხელშეკრულება, რომელსაც ქართული მხარე ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს. ქართული დელეგაცია მოუწოდებს დასავლელ პარტნიორებს, მოახდინოს ზეწოლა რუსეთზე, პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის ნორმებს.