საგარეო საქმეთა მინისტრის თამარ ბერუჩაშვილის განცხადებით, ევროკავშირთან საქართველოს დაახლოების პროცესში გერმანიის ჩართულობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
როგორც მინისტრმა გერმანელ კოლეგასთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, დღეს, როდესაც საქართველოს და მთლიანად ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლო სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას, შტაინმაიერის საქართველოში ვიზიტი უნდა განვიხილოთ საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობისადმი ასევე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი მხარდაჭერის კიდევ ერთი მკაფიო გამოხატულება.
ბერუჩაშვილის თქმით, მხარეებმა ურთიერთობის გარღმავების პერსპექტივები განიხილეს.
მინისტრის თქმით, უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროებში ურთიერთობები დინამიურად ვითარდება.
ამასთან, ბერუჩაშვილმა არსებითი პაკეტის წარმატებით იმპლემენტაციისთვის გერმანიის როლზე გაამახვილა ყურადღება და ამ მიმართულებით გერმანიის აქტიური ჩართულობის იმედი გამოთქვა.
როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, შეხვედრაზე ოკუპირებული ტერიტორიების ირგვლივ შექმნილ რთულ ვითარებას, რეგიონულ უსაფრთხოებას და არსებულ გამოწვევებს დიდი დრო დაეთმო.
„გერმანული ექსპერტიზა პრაქტიკულად გადამწყვეტი იქნება ასოცირების შეთანხმების წარმატებით განხორციელებისთვის, საქართველოს მოდერნიზაციისა და ევროპეიზაციისთვის“,- განაცხადა ბერუჩაშვილმა