საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლამდე ძალიან ცოტა დრო დარჩა

საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლამდე ძალიან ცოტა დრო დარჩა

საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლამდე ძალიან ცოტა დრო დარჩა, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ ვალტერ შტაინმაიერმა საქართველოში ვიზიტისას, თავის ქართველ კოლეგა თამარ ბერუჩაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება არის რეალობა და ეს არის ძალიან მოცულობითი დოკუმენტი, რომელიც არის სტიმული საქართველოს რეფორმებისა და მოდერნიზაციის კუთხით.

როგორც შტაინმაიერმა აღნიშნა, ამ შეთანხმების დანერგვა ახლა დაიწყო და დრო და ენერგია სჭირდება იმას, რომ საქართველოს მოსახლეობამ აქედან მაქსიმალურად სწრაფად მიიღოს რეალური სარგებელი.

"გერმანია ცდილობს ეს საქართველოსთან ერთად გააკეთოს, მაგრამ ასოცირების შეთანხმება არ არის ერთაერთი აქტი, ერთადერთი დოკუმენტი საქართველო-ევროკავშირს შორის. ასევე, ხდება ვიზების ლიბერალიზაცია და ფაქტობრივად ერთი ნაბიჯი, ძალიან ცოტა დარჩა უვიზო მიმოსვლამდე. ვფიქრობ, ეს პროცესი შეუქცევადად გაგრძელდება. საქართველოს აქვს მკაფიო და გამჭვირვალე ვალდებულებები ნაკისრი და ახლა უნდა მოხდეს ამის შესრულება", - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

როგორც მან აღნიშნა, ძალიან მოცულობითი სამუშაოებია ჩასატარებელი, მაგრამ ეს ნამდვილად ღირს. მისი თქმით, როგორც საქართველო, ასევე ევროკავშირი ამისკენ მიილტვის.