50-ზე მეტ სასადილოში, სადაც ჯარი იკვებება, ელემენტარული პირობები არ არის

50-ზე მეტ სასადილოში, სადაც ჯარი იკვებება, ელემენტარული პირობები არ არის

ჯარისკაცების კვების ხარისხი და კვებითი მომსახურება დაბალ დონეზე იყო, ჩვენ ძალიან ბევრი უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ ეს მდგომარეობა გამოვასწოროთ, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, 50-ზე მეტი სასადილოში, სადაც ჯარისკაცები იკვებებიან, ელემენტარული პირობები არ არის.

"კვების ხარისხი და კვებითი მომსახურება ზოგადად იყო დაბალ დონეზე, ამ მხრივ არ დავმალავ და ვიტყვი, რომ გვაქვს ძალიან ცუდი მდგომარეობა. ჩვენ ძალიან ბევრი უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ ეს მდგომარეობა გამოვასწოროთ, რადგან 50-ზე მეტ სასადილოში, სადაც ჯარი იკვებება, არ არის ის ელემენტარული პირობები, რომელიც საჭიროა ძალიან მარტივი ჰიგიენური ნორმების დასაცავად. ჩვენ ეს პრობლემა ორ ნაწილად გავყავით: ერთი, რაც დაუყონებლივ გასაკეთებელია იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ უსიამოვნო შემთხვევები კვებასთან დაკავშირებით და მეორე ნაწილი უკავშირდება საშუალო პერსპექტივას, რათა ის სასადილოები, სადაც ჯარი იკვებება, მოვიდეს სრულ წესრგიში და სრულ სტანდარტებში, რათა ჩვენ ჯარისკაცებს ღირსეული პირობები ჰქონდეს", - განაცხადა ჯანელიძემ.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, მისი მინისტრობის დროს სამინისტროს მუშაობა იქნება გამჭვირვალე.

"ჩვენი მმართველობის პირობებში სამინისტრო იქნება ისეთივე გახსნილი, როგორიც იყო მანამდე. ჩვენ გვეგმავთ აქტიურ კომუნიკაციას საზოგადოებასთან და საზოგადოება უფლებამოსილია იცოდეს, რა პროცესები მიმიდნარეობს თავდაცვის უწყებაში. აქედან გამომიდნარე, ჩვენ მრავალმხირვი ურთიერთობა გვექნება საზოგადოებასთან", - განაცხადა მინდია ჯანელიძემ.