პრემიერ-მინისტრი მთავრობის ადმინისტრაციაში საჯარო მოხელეებს აღარ დანიშნავს

პრემიერ-მინისტრი მთავრობის ადმინისტრაციაში საჯარო მოხელეებს აღარ დანიშნავს

პრემიერის შესაბამისი ბრძანების თანახმად, ირაკლი ღარიბაშვილის გარკვეული უფლებამოსილებები მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს გადაეცა.

მაია ცქიტიშვილს მთავრობის ადმინისტრაციაში საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნის, გათავისუფლების, წახალისებისა და დისციპლინური სახდელის დადების, ასევე ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივ მივლინებებთან დაკავშირებით სათანადო ბრძანების გამოცემის უფლებამოსილება მიენიჭა.

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების ფარგლებში იქნება ასევე მთავრობის ადმინისტრაციაში სრული ადმინისტრაციული ფუნქციების განხორციელებასთან დაკავშირებით ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის - ბრძანების გამოცემა, სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელობისა და მათი საქმიანობის კოორდინაცია, სამსახურებრივი დოკუმენტაციის ხელმოწერა, საქართველოს მთავრობის რეგლამენტით გასაზღვრული საქართველოს მთავრობის სხდომის მომზადება, სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, საზოგადოებრივ და კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობაში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სახელით გამოსვლა, "საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული დაწესებულების ხელმძღვანელის სხვა უფლებამოსილებები, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სახელზე წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივრებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება და ადმინისტრაციის საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის წარმართვა და აღნიშნულთან დაკავშირებით ბრძანების გამოცემა

აქამდე ყველა ამ უფლებამოსილებას პრემიერ-მინისტრი ახორციელებდა.