საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი გიორგი აბაშიშვილი დადებითად აფასებს მთავრობის ეკონომიკური გუნდისა და ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის შეხვედრას. მისი განცხადებით, კოორდინირებული მუშაობის შედეგად მოხერხდა ეფექტიანი პოლიტიკის განხორციელება და შესაძლებელი გახდა სირთულეებთან გამკლავება. გიორგი აბაშიშვილმა რამდენმე დღის წინათ, პოლონეთში ვიზიტისას, ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელია საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის კოორდინირებული მუშაობა და გამოთქვა სურვილი ყველა შესაბამისი სტრუქტურის მხრიდან ნათელი განმარტებები გაკეთებულიყო ეროვნული ვალუტის რყევის მიზეზებისა და პროგნოზის შესახებ. იგი მიესალმება ამ პროცესს, რადგან, მისივე თქმით, ეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ინფლაციური მოლოდინის მინიმიზაციას, რაც, თავის მხრივ, უახლოეს პერიოდში პოზიტიურ ასახვას ჰპოვებს ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსზე.
სწორედ ეროვნული ვალუტის კურსისა და ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის საკითხების განსახილველად პრეზიდენტის მრჩეველი დღესვე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივ წარმომადგენელს აზიმ სადიკოვს შეხვდა. საუბრისას მათ დეტალურად იმსჯელეს ეროვნული ვალუტის რყევის მიზეზებსა და მოსალოდნელი შედეგებზე და ის შიდა თუ საგარეო ფაქტორები განიხილეს, რომლებიც ლარის კურზე ახდენს გავლენას.