აფხაზეთიდან გადმოსვენებული ოთხი ნეშტი ერთ ოჯახს ეკუთვნის

აფხაზეთიდან გადმოსვენებული ოთხი ნეშტი ერთ ოჯახს ეკუთვნის

აფხაზეთიდან გადმოსვენებული ოთხი ნეშტი უკვე იდენტიფიცირებულია და ისინი ერთ ოჯახს ეკუთვნის. მათ ნეშტებს ოჯახის წევრებს დღეს გადასცემენ, - ამასთან დაკავშირებით დევნილთა და განსახლების მინისტრი, სოზარ სუბარი და გარდაცვლილების ოჯახის წევრები და ახლობლები ექსპერტიზის ბიუროში არიან შეკრებილი.

როგორც სოზარ სუბარმა ჟურნალისტებს განუცხადა, ოთხივე ნეშტი ეკუთვნის ერთ ოჯახს და ისინი არიან ბელა ზალდასტანიშვილის 2 შვილი და ორი ძმა. 

"დიდი მადლობა მინდა გადავუხადო წინა მინისტრ დავით დარახველიძეს და ჩემს მოადგილეს. ასევე, არ შემიძლია არ აღვნიშნო ძალიან კონსტრუქციული მიდგომა აფხაზური მხარის მიერ. სწორედ ასეთი თანამშრომლობით გახდა შესაძლებელი ცხედრების გადმოსვენება ბაბუშერას ძმათა სასაფლაოდან. ოთხი მათგანის იდენტიფიცირება მოხდა. ყველანი არიან ერთი ოჯახის შვილები. ტყუპი ძმები ნუკრი და ვასილ წიკლაურები. მაშინ 30 წლის იყვნენ და მათი დის შვილები, 23 წლის და 25 წლის ძმები ზურა და თენგო ზალდასტანიშვილები. ისინი იყვნენ უშიშროების სამინისტროს თანამშრომლები და 1993 წლის 22 სექტემბერს სოხუმში სახელმწიფო მეთაურის, ედუარდ შევარდნაძის გამოყვანის ოპერაციაში მონაწილეობისთვის გაემგზავრნენ. მათი თვითმფრინავი ბაბუშერას აეროპორტში დაჯდომისას ააფეთქეს", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ბაბუშერას სასაფლაოზე ძმათა სამარხის ეგზჰუმაცია 2014 წლის გაზაფხულზე, არგენტინელ ექსპერტ-ანთროპოლოგის მონაწილეობით განხორციელდა. იდენტიფიცირების მიზნით ნეშტები გადმოასვენეს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დნმ პროფილები და დაღუპულთა ოჯახების ბიოლოგიური მასალები იდენტიფიცირებისთვის ზაგრების ლაბორატორიაში იყო გადაგზავნილი. 2014 წლის 4 დეკემბერს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა დევნილთა და განსახლების სამინისტროს ოთხი ნეშტის იდენტიფიკაციის შესახებ ექსპერტიზის დასკვნა წარუდგინა.
იდენტიფიცირებული ოთხი ნეშტი ოჯახის წევრებს უკვე გადაეცემა. ცნობილია, რომ 9 დეკემბერს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიიღებს და დალოცავს მათ. იმავე დღეს სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდი. ოთხივე ნეშტს დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ. დაკრძალვის ხარჯებს დევნილთა სამინისტრო გაიღებს.
 

როგორც სოზარ სუბარი აცხადებს, უახლოეს დღეებში გამოცხადდება კიდევ 12 ნეშტის იდენტიფიკაციის შესახებ. სუბარის განცხადებით, პარალელურად გრძელდება მუშაობა სამარხების მოძიებაზე, რომელიც შეიძლება იყოს როგორც აფხაზეთის ტერიტორიაზე, ასევე საქართველოს არაოკუპირებულ ტერიტორიაზე.