მთავრობის ადმინისტრაციაში გურიის გუბერნატორის გიორგი ჩხეიძის გადადგომის შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში განუცხადეს, ჩხაიძემ თანამდებობიდან წასვლის შესახებ მათ უკვე მიმართა.
"ვადასტურებთ ინფორმაციას, რომ გურიის რეგიონის გუბერნატორმა გიორგი ჩხეიძემ თანამდებობიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. მან აღნიშნულთან დაკავშირებით მთავრობას უკვე მიმართა", - განაცხადეს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში.
რაც შეეხება სხვა გუბერნატორებს, როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში ამტკიცებენ, დანარჩენი ყველა გუბერნატორი მუშაობას განაგრძობს.
"დანარჩენი რვავე გუბერნატორი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს საქმიანობას. აქედან გამომდინარე, გავრცელებული ინფორმაცია, რომ თანამდებობიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილება მათაც მიიღეს, სიმართლეს არ შეესაბამება", - აღნიშნეს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში.