ნავთობიმპორტიორები უკვე 63-თეთრიან მარჟაზე მუშაობენ. ვის ჯიბეში მიდის 1 ლარი საწვავის ბიზნესიდან - ეს კითხვა დღეს უფრო აქტუალურია და თანდათან პასუხიც იკვეთება. თითოეული გაყიდული ლიტრიდან მენავთობეებს ამხელა მოგება არასდროს მიუღიათ.
ივლისიდან მოყოლებული, საერთაშორისო ბაზარზე ბენზინი 36%-ით გაიაფდა, ქართველი მომხმარებლისთვის კი მხოლოდ 7%-ით. მსოფლიოში ნავთობის ფასის კატასტროფული დაცემით მარტოოდენ სახელმწიფო ორგანიზაციები სარგებლობენ. მათთვის 1 ლიტრი ”პრემიუმის” ტიპის ბენზინის ღირებულება 1,55 ლარია მაშინ, როდესაც ნავთობკომპანიები საკუთარ ავტოგასამართ სადგურებში ჩვეულებრივი მომხმარებლისთვის დაბალი ხარისხის ”რეგულარის” ტიპის ბენზინს 1,94-1,99 ლარად ყიდიან.
მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში საგრძნობლად გაუფასურდა, საქართველოში საწვავის საბითუმო ფასი 1,36 ლარს არ აღემატება. აქედან გამომდინარე, ნავთობიმპორტიორები მოსახლეობის ხარჯზე კოლოსალურ მოგებას იღებენ და ბენზინს 58-63-თეთრიანი მარჟით ყიდიან. მსგავსი რამ საქართველოს სანავთობო ბაზარზე პირველად ხდება.
მდგომარეობის რეალურად შეფასებისთვის ”რეზონანსი” ბენზინის საბითუმო ღირებულების გასაგებად საზოგადოებას ტრადიციულ გათვლას სთავაზობს. 1 ტონა ბენზინის საერთაშორისო ღირებულება უკვე ჩამოსცდა 660 დოლარს, მაგრამ ჩვენ საბითუმო ფასი ამ მაჩვენებლით დავიანგარიშეთ. ლარის კურსზე (1,85) დაანგარიშებით 1 ტონა ბენზინის ღირებულება 1221 ლარია, ამას ემატება დღგ - 219 ლარი, აქციზი - 250 ლარი, ტრანსპორტირება 85 ლარი. საბოლოო ჯამში, ნავთობიმპორტიორებს 1 ტონა ბენზინის შეძენა მაქსიმუმ 1775 ლარი უჯდებათ. თუკი ამ რაოდენობის თანხას 1 ტონა ბენზინის მოცულობაზე, 1300 ლიტრზე გავყოფთ, მივიღებთ, რომ 1 ლიტრი ბენზინის საბითუმო ღირებულება 1,36 ლარია. ამ დროს 1 ლიტრი ”რეგულარის” ტიპის ბენზინი საცალო ქსელში 1,94-1,99 ლარად იყიდება, ანუ ნავთობიმპორტიორები ბაზარზე კოლოსალურად მაღალი - 58-63-თეთრიანი მარჟით საქმიანობენ.
რაც შეეხება დიზელს, ამ საწვავის საერთაშორისო ღირებულება ("პლატცის" მიხედვით), საშუალოდ, 615 დოლარია. ზემოაღნიშნული გადასახადების დამატებით, მენავთობეები 1 ტონა დიზელში, დაახლოებით, 1674 ლარს იხდიან. აქედან გამომდინარე, 1 ლიტრი დიზელის საბიუთუმო ღირებულება 1,44 ლარია. საცალო ქსელში კი 1 ლიტრი აზერბაიჯანული დიზელი 1,99-2,02 ლარი ღირს, ანუ ამ შემთხვევაში მენავთობეები 55-58-თეთრიანი მარჟით საქმიანობენ.
კომპანია ”ლუკოილის” გენერალური დირექტორის მოადგილე შავლეგ მიშველაძე აცხადებს, რომ ისინი ყველანაირ საწვავს ყველაზე იაფად ყიდიან, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ კომპანიამ საფასო პოლიტიკას კიდევ გადახედოს. ”ბოლოს 23 ნოემბერს გავაიაფეთ საწვავი და ყველაზე დაბალი ფასი ჩვენს ქსელშია. გეთანხმებით, საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასი ძალიან ეცემა. რაც შეეხება საქართველოს, ცოტა ხანი კიდევ დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. გადაწყვეტილებას მოგვიანებით მივიღებთ”, - ამბობს შავლეგ მიშველაძე.
კომპანია ”ვისოლში” ”რეზონანსს” განუცხადეს, რომ საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის გაიაფების ფეხდაფეხ კომპანიამ 5-ჯერ შეამცირა ბენზინის ღირებულება, ხოლო თუკი ნავთობის გაიაფების ტენდენცია გაგრძელდება, საფასო პოლიტიკას კიდევ ერთხელ გადახედავენ. ”ბოლო პერიოდში, მას შემდეგ, რაც საერთაშორისო ბაზარზე საწვავის გაიაფების ტენდენცია დაიწყო, ”ვისოლმა” 5-ჯერ შეამცირა საწვავის ფასი. საერთო ჯამში, ჩვენს ქსელში ბენზინი 20 თეთრით გაიაფდა და 2 ლარს ჩამოსცდა”, - განაცხადეს ”ვისოლში”.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, საერთაშორისო ბაზარზე (”პლატცის” მიხედვით) ივლისის შემდეგ, ბენზინი 36%-ით გაიაფდა, დიზელი - 31%-ით. საქართველოში კი საწვავის ღირებულება მხოლოდ 7%-ით შემცირდა.
ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტ ნოდარ ჭიჭინაძის აზრით, საქართველოს ნავთობპროდუქტების ბაზარზე არსებული საფასო პოლიტიკა აჩვენებს, რომ ნავთობკომპანიებს შორის კარტელური გარიგებაა. რომ არა ეს რეალობა, საქართველოში ბენზინი და დიზელი გაცილებით იაფი ეღირებოდა.”პირდაპირ იკვეთება კარტელური შეთანხმება. დღეს ყველანაირი რესურსი არსებობს იმისა, რომ უფრო მეტად გაიაფდეს ბენზინი. ამერიკაში საწვავი 25%-ით გაიაფდა. საქართველოში კი 2-3-თეთრით აიაფებენ მაშინ, როდესაც საერთაშორისო ბაზარზე ბენზინის ღირებულება ლამის განახევრდა. ფაქტობრივად, დღეს საწვავის ფასი არის იმდენივე, რამდენიც იყო წლის დასაწყისში და 2 წლის წინათ”, - ამბობს ნოდარ ჭიჭინაძე.
ექსპერტი ზვიად კანდელაკი აღნიშნავს, რომ საქართველოში არსებული ნავთობკომპანიების ხელმძღვანელების ქმედება ყოველგვარ ზღვარს სცდება. ”ნავთობკომპანიების ხელმძღვანელები პირდაპირ დასცინიან საზოგადოებას. მსოფლიოში ნავთობი კატასტროფულად იაფდება. საქართველოში საწვავის ფასი მინიმუმამდე დავიდა და ქართველი მენავთობეები ურცხვად გვეუბნებიან - ჩვენც ხომ გავაიაფეთო. სინამდვილეში საწვავი მხოლოდ სახელმწიფო უწყებებისთვის იაფდება. როგორც ჩანს, ჩვეულებრივი ადამიანები ამ ქვეყნის მოქალაქეებად არ ვითვლებით. ახლა მართლაც მიჩნდება კითხვა - ვის ჯიბეში მიდის 1 ლარი ნავთობის ბიზნესიდან?” - ამბობს ზვიად კანდელაკი.