საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ გაცვლითი კურსი არის გაზრდილი, ზოგიერთი ტიპის საქონელზე ფასების კლება მიმდინარეობს. ამის შესახებ ნოდარ ხადურმა "ტელეიმედის" გადაცემა "რეაქციაში" ჩართვისას განაცხადა.
"მაგალითისთვის გეტყვით, ბოლო 2 დღის განმავლობაში გაიაფდა ბენზინი და საავტომობილო საწვავი. ეს პროცესები ერთმანეთთან თავისთავად ცხადია კავშირშია, თუმცა იმის გამო, რომ მსოფლიო ბაზრებზე მიდის ნავთობპროდუქტების, ხორბლის, შაქრის, ზეთის და ა.შ. გაიაფება, შესაბამისად, ლარის კურსის ცვალებადობა არ აისახება ინფლაციაში.
მეტსაც გეტყვით, ნოემბრის განმავლობაში საქართველოში დაფიქსირდა დეფლაცია, ანუ ფასების საერთო დონე შემცირდა. არის ზოგიერთი საქონელი, რომელზეც ფასები გაზრდილია, სხვა ტიპის საქონელზე შემცირებულია", - განაცხადა ხადურმა.
მისივე თქმით, ფასების დონე იზომება საქონლის სამომხმარებლო კალათით, რომელიც დადგენილია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ და ამ კალათის ფასი ნოემბრის განმავლობაში არის შემცირებული.
"დეკემბერში ჯერჯერობით დიდი ინფლაცია არ შეიმჩნევა და დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა და სავალუტო ფონდის წარმომადგენელმაც გააკეთეს განცხადებები, რომ ინფლაცია არ არის და ის იქნება უფრო ნაკლები, ვიდრე იყო მიზნობრივი ინფლაცია", - განაცხადა ხადურმა.