ჩვენი მხრიდან წარმოდგენილი ფაქტები არასდროს იყო დამაჯერებელი ბიძინა ივანიშვილისთვის, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" გადაცემაში "პირველი სტუდია" განაცხადა.
ამით ირაკლი ალასანია ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც ალასანიას სამგრელოს რეგიონში, კერძოდ, ზუგდიდში წაგებული არჩევნები შეახსენა.
ალასანიას თქმით, ბოლო ორი წლის განმავლობაში კრიტიკის ძირითადი ობიექტი სწორედ მისი გუნდი იყო. "ეს მისი საქმეა და მე არ მინდა რაიმე ფორმით ამ პოლიტიკურ კინკლაობაში შევიდე. მე ფაქტებზე ვისაუბრებ. ჩვენ საარჩევნო გარემოს კუთხით მართლაც ერთ-ერთ ყველაზე რთულ რეგიონში ვარჩიეთ "ნაციონალურ მოძრაობასთან" პოლიტიკურ ბრძოლაში შესვლა. მე მინდა გაგახსენოთ იქ არჩევნების შემდეგ ამოღებული იარაღები, სხვადასხვა უწყებების შეიარაღებული დაჯგუფებები, ის კასრები, სადაც მასალები ინახებოდა", - განაცხადა ალასანიამ და აღნიშნა, რომ მაშინ საზოგადოებაში ძალიან დიდი შიში იყო.
"ეს გამოწვევა ჩვენ ავიღეთ ჩვენს თავზე და დიდწილად მთელი რეპრესიული მანქანის საკმაოდ წონადი ნაწილი სწორედ სამეგრელოსკენ წამოვიღეთ. ეს შეგნებულად გავაკეთეთ, იმიტომ, რომ ვთვლიდი, იქ უნდა შეხვიდე ბრძოლაში, სადაც ყველაზე მეტად უჭირს საქმეს და შენს თანაგუნდელებს", - განაცხადა ალასანიამ. მისი თქმით, ის საუბრობს მხოლოდ ფაქტებით და ამ თემებზე მას ბიძინა ივანიშვილთანაც უსაუბრია.
საქართველოს ყოფილმა პრემიერმა ალასანიას სამგრელოს რეგიონში, კერძოდ, ზუგდიდში წაგებული არჩევნები გუშინ შეახსენა.
"მე ბევრჯერ მითქვამს, რომ შეკითხვები მაქვს სამეგრელოსთან დაკავშირებით. ერთ-ერთი მიზეზი წარუმატებლობისა, სუსტი მენეჯმენტის და კიდევ რაღაცების ბრალი შეიძლება იყოს. ასეთი უაზრო გამონათქვამების შემდეგ ვახსენებ ირაკლი ალასანიას ამ ყველაფერს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.