ქართველების დანიშვნა წმინდა უკრაინული გადაწყვეტილებაა

ქართველების დანიშვნა წმინდა უკრაინული გადაწყვეტილებაა

უკრაინას 6 თვე აქვს ქვეყნის გადასარჩენად, - ამის შესახებ "უკრაინასკაია პრავდას" საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ქვეყნის მთავრობას ერთი დღეც არ აქვს დასაკარგი. ის დადებითად აფასებს იმ ფაქტს, რომ უკრაინელმა მაღალჩინოსნებმა გვიან ღამემდე და დასვენების დღეებშიც დაიწყეს მუშაობა.

კითხვაზე, უკრაინაში იმიტომ ხომ არ ჩავიდა, რომ ქართველებს უკრაინის ახალ მთავრობაში ადაპტირებაში დაეხმაროს და უპროდიუსეროს, სააკაშვილი აცხადებს, რომ - არა, ის უკრაინაში პეტრო პოროშენკოს მიწვევით ჩავიდა. მისი თქმით, სადაც არ უნდა იყოს, ყოველთვის ცხოვრობს უკრაინის შესახებ ინფორმაციებით, რადგან ახლა წყდება არა მხოლოდ უკრაინის, არამედ მთლიანად რეგიონისა და ევროპის ბედი.

სააკაშვილი აცხადებს, რომ ქართველების დანიშვნა უკრაინის მინისტრთა კაბინეტში - წმინდა უკრაინული გადაწყვეტილებაა. "ეს ადამიანები უკრაინელებმა ამოირჩიეს. ეს სპონტანურად არ მომხდარა, არამედ ამ საკითხის განხილვა დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა. მე თავში აზრადაც არ მომივიდოდა. ეს წმინდა უკრაინული გადაწყვეტილებაა", - აღნიშნა საქართველოს ექსპრეზიდენტმა.

სააკაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინის მთავრობის ქართველმა წევრებმა თავი უნდა შეიკავონ შიდა ქართული პრობლემების უკრაინაში გადატანაზე. მისი მთავარი რჩევაა "მთლიანად უკრაინულ რელსებზე გადავიდნენ და საერთოდ არ გააკეთონ არავითარი კომენტარი საქართველოს მოვლენებზე".