გიორგი ქადაგიძე:   დეკემბერში ბიუჯეტის დეფიციტურ ხარჯვას ადგილი არ ექნება

გიორგი ქადაგიძე: დეკემბერში ბიუჯეტის დეფიციტურ ხარჯვას ადგილი არ ექნება

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, გიორგი ქადაგიძის განცხადებით, მთავრობასთან კონსულტაციების შედეგად, დეკემბერში, ბიუჯეტის დეფიციტურ ხარჯვას ადგილი არ ექნება.

როგორც გიორგი ქადაგიძემ ბრიფინგზე განაცხადა, ეს კიდევ ერთხელ შეასუსტებს ზეწოლას ინფლაციაზე.

"სამწუხაროდ, ამ დროს ყველაზე მეტად ზარალდება ჩვენი ის მოქალაქეები, ვისაც სესხი აქვს დოლარში, ხოლო შემოსავალი ლარში. აქ პასუხია მხოლოდ ერთი - ჩვენ გვჭირდება ეკონომიკური ზრდა. საქართველოს ეკონომიკური სტრუქტურიდან გამომდინარე, ეკონომიკის ზრდის პირობებში, საშუალოვადიან პერიოდში, ლარს ყოველთვის ექნება გამყარების ტენდენცია", -განაცხადა ქადაგიძემ.

მისი თქმით, ეროვნული ბანკი ყოველდღიურად აკვირდება და აანალიზებს მიმდინარე პროცესებს.

"იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ დავინახავთ კიდევ უფრო გაზრდილ ნეგატიურ მოლოდინებს, რისკებს, ჩვენ განვახორციელებთ მნიშვნელოვან და მოცულობით ინტერვენციებს ჩვენ ხელთ არსებული ყველა ფინანსური ინსტრუმენტის გამოყენებით, იმისთვის, რომ სიტუაცია იყოს სტაბილური. ხოლო დასკვნის სახით, რა თქმა უნდა, უნდა აღვნიშნო, რომ ყველა ჩვენი გამოწვევის წამალი და რეცეპტი არის მხოლოდ ერთი - ეს არის სწრაფი ეკონომიკური ზრდა", - განაცხადა ქადაგიძემ.