ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის წარმომადგენლები პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან შეხვედრისას "თავისუფალი დემოკრატების" თემით, მათ შორის, მათ მიერ საპარლამენტო თანამდებობების შენარჩუნების საკითხით დაინტერესდნენ.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს უსუფაშვილმა განუცხადა, საუბარი სხვადასხვა საკითხებს შორის ბოლოდროინდელ პოლიტიკურ მოვლენებს შეეხო და მმართველ კოალიციაში განხორციელებული ცვლილებები კვლავ ყურადღების ცენტრში რჩება.
"მე მათ მოვახსენე პარლამენტში არსებული მდგომარეობა, მათ შორის ფრაქცია "თავისუფალ დემოკრატებთან" ურთიერთობის, დამოკიდებულების შესახებ. აინტერესებდათ, საპარლამენტო თანამდებობებს ავტომატურად ვინმე ტოვებს თუ არა. მე მათ მოვახსენე, რომ საკითხი ასე არ დგას, მით უფრო კომიტეტის თავმჯდომარეებთან მიმართებით, რომელთა თანამდებობები პოლიტიკური კვოტით არ არის განაწილებული, თუმცა ვიცე-სპიკერის თანამდებობა, მოგეხსენებათ, კვოტებით აქვს განაწილებული უმრავლეობას, უმცირესობას, აჭარის წარმომადგენლობას შორის. აქაც არ არის რაიმე გადაწყვეტილება მიღებული, მაგრამ ამ შემთხვევაში ვითარება განსხვავებულია", - განუცხადა ჟურნალისტებს დავით უსუფაშვილმა.