ზვიად ჯანყარაშვილი არც ერთ საჯარო თანამდებობაზე აღარ იმუშავებს

ზვიად ჯანყარაშვილი არც ერთ საჯარო თანამდებობაზე აღარ იმუშავებს

ზვიად ჯანყარაშვილი არც ერთ საჯარო თანამდებობაზე აღარ იმუშავებს. ამის შესახენ ნათქვამია პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პრესსამსახურის განცხადებაში.

"პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივნის თანამდებობიდან ზვიად ჯანყარაშვილის გადადგომასთან დაკავშირებით განვმარტავთ, რომ ზვიად ჯანყარაშვილმა დაკავებული თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა.

მიუხედავად იმისა, რომ ზვიად ჯანყარაშვილი აღარ ასრულებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოვალეობას, მას მუდმივად, პრემიერის ოჯახთან ნათესაობის გამო, სხვადასხვა სახის ბრალდებას უყენებდნენ.

იმისთვის, რომ საზოგადოებას აღარ დარჩეს კითხვები და ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს ამ თემით სპეკულირება, ზვიად ჯანყარაშვილმა გადაწყვიტა დაეტოვებინა პარტიული თანამდებობაც. იგი არც ერთ საჯარო თანამდებობაზე აღარ იმუშავებს", -ნათქვამია განცხადებაში.

ზვიად ჯანყარაშვილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის თანამდებობიდან მიმდინარე წლის აპრილში გადადგა. ამის მიზეზად ჯანყარაშვილმა ის დაასახელა, რომ "არ სურს, აღნიშნულ თანამდებობაზე მისმა ყოფნამ უხერხულობა გამოიწვიოს და საზოგადოებას რაიმე სახის შეკითხვა დარჩენოდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან მისი ნათესაობის გამო".

შსს-დან წამოსვლის შემდეგ, ჯანყარაშვილი პარტიის აღმასრულებელ მდივნად დაინიშნა. რამდენიმე დღის წინ კი, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯანყარაშვილი შესაძლოა, უკრაინაში ელჩად დაინიშნოს, თუმცა ეს ინფორმაცია ჯერ ოფიციალურად არ დადასტურებულა.