"ნაციონალური მოძრაობა" "ქართული ოცნების" მიერ გაცემული დაპირებების შესასრულებელ საკანონმდებლო მექანიზმებზე მუშაობას იწყებს.
ამასთან, დაკავშირებით დღეს პარლამენტარებმა ზურაბ ჯაფარიძემ და გოგა ხაჩიძემ პრესკონფერენცია გამართეს. დეპუტატების თქმით, ისინი დღესვე შეიტანენ პარლამენტში ორ საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის დამტკიცების შემთხვევაში "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო დაპირებების შესრულება შესაძლებელი იქნება.
"ქართულმა ოცნებამ" ხელისუფლებაში მოსვლამდე გასცა უამრავი დაპირება, რომელთაგან პრაქტიკულად არც ერთი არ არის შესრულებული. ეს დაპირებები ეხებოდა პენსიების მყისიერ ზრდას, რომ გაჩნდებოდა ქვეყანაში უფასო ფული, რომ მოიხსნებოდა იპთეკარების პრობლემები და ა.შ. ამიტომ "ნაციონალური მოძრაობა" იწყებს ციკლს საკანონმდებლო ინიციატივების. ჩვენ გვაქვს მოფიქრებული კონკრეტული გზები, როგორ უნდა მოხდეს ამ დაპირებების შესრულება.
ჩვენ ვიცით წყარო, საიდანაც უნდა მოხდეს ამ ყველაფრის დაფინანსება, მანამ, სანამ სახელმწიფო შეძლებს თავისთავზე აიღოს ეს პასუხისმგებლობა. ყველა ეს საკანონმდებლო ინიციატივა მიბმული იქნება ამ წყაროსთან. არც ერთი ჩვენი ინიციატივა ტვირთად არ დააწვება სახელმწიფო ბიუჯეტს",-განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
გოგა ხაჩიძის განცხადებით კი მათი წარდგენილი კანონპროექტების მიღების შემთხვევაში უფასო ფულისა და პენსიის გაზრდის შესახებ "ქართული ოცნების" დაპირებების შესრულება შესაძლებელი იქნება.
"ჩვენ არ ვიცით არც ერთი ფორმალური მიზეზი, რატომ არ უნდა შესრულდეს ის დაპირებები, რომელიც გასცა "ქართულმა ოცნებამ" და ქვეყნის ამჟამინდელმა რეალურმა მმართველმა, ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა. არსებობს შესაბამისი რესურსი, არსებობს საჯაროდ გაცემული დაპირება და ერთადერთი რაც არ არსებობს - საკანონმდებლო მექანიზმი, რომელიც იმ დაპირებას რეალობად აქცევს. ჩვენ ვიწყებთ ციკლს იმ დაპირებების შესასრულებელი მექანიზმის შესაქმნელად და დღეს ორი მათგანი მინდა წარმოგიდგინოთ, რომლითაც დღეს შევალთ და დავარეგისტრირებთ პარლამენტში. ერთი ეხება სახელმწიფო პენსიის ზრდას დაპირებული 220 ლარამდე და მეორე ეხება ე.წ. უფასო ფულის თემას. ამ კანონპროექტების მიღების შემთხევაში ორივე შეიძლება შესრულდეს",-განაცხადა ხაჩიძემ და დასძინა, რომ იმედი აქვს მათ ინიციატივებს უმრავლესობაც მხარს დაუჭერს.