საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის ირაკლი სესიაშვილის შეფასებით, საკადრო ცვლილებების კუთხით არაფერი განსაკუთრებული არ ხდება და ცოცხალი პროცესი მიმდინარეობს როგორც მთავრობაში, ასევე პარტიაში.
დეპუტატი ელოდება, რომ საკადრო კუთხით მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით ახლო მომავალში პოლიტსაბჭოს წევრების შეხვედრა გაიმართება.
"სამწუხაროა, რომ ზვიად ჯანყარაშვილმა პარტია "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის თანამდებობა დატოვა. ჩვენ პოლიტსაბჭო შევიკრიბებით, ვიმსჯელებთ აღნიშნულ საკითხე, დაინიშნება პარტიის ახალი აღმასრულებელი მდივანი და აქტიური პარტიული მუშაობა გაგრძელდება. ასევე ცოცხალი პროცესი მიმდინარეობს მთავრობაში – მიდიან მინისტრის მოადგილეები, დეპარტამენტის უფროსები, მათ ნაცვლად ინიშნებიან ახალი კადრები, რაც მხოლოდ იმისკენ არის მიმართული, რომ სამინისტროებმა უკეთესად იმუშაონ", - განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი სესიაშვილმა.
დეპუტატის თქმით, ის განსაკუთრებით მიესალმება კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელად დავით სუჯაშვილის დანიშნვას, რადგან როგორც სესიაშვილი აცხადებს, სუჯაშვილი არის გამორჩეული კადრი უსაფრთხოების სექტორში.