საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს დავით შავლიაშვილსა და ეკონომიკურ საკითხებში პრემიერ-მინისტრის ყოფილ თანაშემწე რომან ჩხენკელს "უაღრესად კომპეტენტურ" ადამიანებად მიიჩნევს. რომან ჩხენკელის მიერ პოსტის დატოვების საკითხის დადასტურებამდე, სოზარ სუბარმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ "არავინ არსად წასულა და ყველა ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას".
"შავლიაშვილი უაღრესად კომპეტენტური ადამიანია, რომელიც თავის საქმეს ძალიან კარგად აკეთებს. იგივე შემიძლია ვთქვა ჩხენკელზეც. ძალიან მჭიდრო ურთიერთობა მქონდა ჩხენკელთან მენაშენეებისგან ბინების გამოსყიდვის პროგრამის ფარგლებში. ეს პროგრამა შემუშავებულია სწორედ ეკონომიკურ საბჭოში და უაღრესად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ დევნილთა საცხოვრებლების გადაწყვეტის მიმართულებით, არამედ ზოგადად, ქართული ეკონომიკის განვითარების მიმართულებითაც. ამ მხრივ შემიძლია ვთქვა, რომ ჩხენკელი უაღრესად კომპეტენტური ადამიანია, რომელიც ძალიან ბევრ საქმეს აკეთებს და კარგად უძღვება თავის საქმეს", - განაცხადა სოზარ სუბარმა. მოგვიანებით, ჩხენკელის გადადგომის დადასტურების შემდეგ მან "ინტერპრესნიუსთან" დამატებითი კომენტარი აღარ გააკეთა. მისივე თქმით, ეკონომიკური საბჭოს მდივნის პოსტზე დანიშნულ გიორგი გახარიას არ იცნობს.
ეკონომიკურ საკითხებში პრემიერ-მინისტრის თანაშემწე რომან ჩხენკელმა თანამდებობა დატოვა. რომან ჩხენკელს ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია შეცვლის. ცვლილებები განხორციელდა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროშიც. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თანამდებობას მინისტრი დავით შავლიაშვილი ტოვებდა, თუმცა მინისტრი პოსტზე რჩება. თანამდებობა მისმა მოადგილე ზურაბ კოპაძემ დატოვა და იგი "ქართუ ბანკის" პრეზიდენტმა ნოდარ ჯავახიშვილმა შეცვალა.