ბატონი ირაკლი ალასანიას საჯაროდ გათავისუფლება ესიამოვნა კრემლს, რომელიც საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს ამერიკის აგენტად მიიჩნევდა. ამის შესახებ ნათქვამია ბრიტანული გამოცემა The Economist-ის სტატიაში.
როგორც სტატიის ავტორები აღნიშნავენ, "ქართულ ოცნებაში", რომელიც ერთადერთი მიზნის - მიხეილ სააკაშვილისა და მისი პარტიის დასამხობად იყო შექმნილი, ბზარები ფართოვდება. სტატიის ავტორებს მაგალითად მოჰყავთ გასულ თვეს ირაკლი ალასანიას გათავისუფლება, რომელიც საქართველოში ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსია.
როგორც სტატიაშია ნათქვამი, ბატონი ივანიშვილი ცდილობდა ეჩვენებინა, რომ ამ გადაწყვეტილების უკან ის იდგა.
"ამბობენ, ბატონ ივანიშვილს, რომელმაც ქონება რუსეთში დააგროვა და იქიდან ვლადიმერ პუტინის ხელისუფლებაში მისვლის შემდეგ წავიდა, რუსეთის ლიდერის ეშინია. როგორც ჩანს, ის წელავს დროს იმ იმედით, რომ რუსეთი რაიმე შეთანხმებას მიაღწევს ამერიკასთან, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს მომავალ პოზიციას", - ნათქვამია სტატიაში.
"ის, რაც ბატონ ივანიშვილსა და ბატონ პუტინს აერთიანებს, წინა ხელისუფლების ზიზღია. ბატონი სააკაშვილი დაპატიმრების შიშით ვერ ბრუნდება საქართველოში. შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ციხეშია. კახა ბენდუქიძე, რომელმაც ყველაზე მეტი გააკეთა ქართული ეკონომიკის ლიბერალიზაციისთვის, ცოტა ხნის წინ ლონდონში გარდაიცვალა და სამშობლოში დაბრუნების ეშინოდა. ეს ჩამონათვალი გრძელდება. ეს არ ნიშნავს, რომ საქართველო ავტორიტარული სისტემისკენ მიდის. ქვეყანაში არის თავისუფალი მედია და ძლიერი პოლიტიკური ოპოზიცია, რისი ნაკლებობაც იყოს მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს. როგორც ბატონი ბენდუქიძე ხშირად ამბობდა: "საქართველომ დემოკრატიისკენ გადადგა ნაბიჯი, თუმცა ზოგჯერ როდესაც ნაბიჯს დგამ წინ, შესაძლოა ფეხი ქაქში ჩაყო", - ნათქვამია სტატიაში.
როგორც ბრიტანული გამოცემა აღნიშნავს, ამ დრომდე ნაცვლად რეფორმებისა, საქართველოს ახალი მთავრობა როგორც ჩანს, საპირისპირო მიმართულებით მიდის და მიხეილ სააკაშვილის ბევრ შეცდომას იმეორებს. ავტორთა განცხადებით, ახალმა ხელისუფლებამ ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებისთვის ქვეყანაში უვიზოდ ყოფნის დროის უაზრო აკრძალვები შემოიღო და უცხოელებზე მიწების გაყიდვა აკრძალა.
"სამართლიანად აკრიტიკებდა რა მიხეილ სააკაშვილის მთავრობას გადამეტებული სამართლებრივი დევნისა და მკაცრი პოლიტიკისთვის, როგორც ჩანს, ახალი ხელისუფლება თავადაც ეწევა პოლიციისა და უსაფრთხოების ძალების განმტკიცებას. ცოტა ხნის წინ ბატონმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ძლიერი უსაფრთხოების სამსახურები ქვეყნის წარმატების, პროგრესისა და განვითარების საწინდარია. პარლამენტმა კი მიიღო კანონი, რომელიც შსს-ს მოქალაქეთა სატელეფონო საუბრების მოსმენის უფლებას უტოვებს", - ნათქვამია სტატიაში.
როგორც ბრიტანული გამოცემა აღნიშნავს, "ქართული ოცნების" პოპულარობა 70 პროცენტიდან 40%-მდე შემცირდა. თუმცა, ავტორთა თქმით, პოპულარობის შემცირება არ ნიშნავს "ნაციონალური მოძრაობის" ან სხვა რომელიმე პარტიის მხარდაჭერის გაზრდას.
"ეს ქმნის ძალაუფლებისა და ლეგიტიმურობის სახიფათო და ადვილად ფეთქებად ვაკუუმს", - ნათქვამია სტატიაში.