რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს – ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, მაია სიხარულიძემ განუცხადა.
მაია სიხარულიძის განცხადებით, მინისტრი დილიდან რუსთავი-თბილისი გზაზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო და უკვე სამინისტროში ბრუნდება.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ეკონომიკურ საკითხებში პრემიერის თანაშემწე რომან ჩხენკელი და რეგიონული განვითარების მინისტრი დავით შავლიაშვილი თანამდებობებს ტოვებენ.
ამასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში კომენტარს არ აკეთებენ.
რომან ჩხენკელს ეკონომიკურ საკითხებში პრემიერის მრჩევლის გარდა, მთავრობის დაქვემდებარებაში არსებული, ეკონომიკური საბჭოს მდივნის თანამდებობაც უკავია.
რაც შეეხება დავით შავლიაშვილს, ის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრად მთავრობაში ზაფხულში განხორციელებული საკადრო ცვლილებების დროს დაინიშნა.