საქართველოს მთავრობა და მსოფლიო ბანკი

საქართველოს მთავრობა და მსოფლიო ბანკი "ეროვნული ტურიზმის განვითარების სტრატეგია - 2025" - ს შეიმუშავებს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მსოფლიო ბანკის ჯგუფის ფინანსური მხარდაჭერით ეროვნული ტურიზმის სტრატეგიაზე მუშაობა ოფიციალურად დაიწყო.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, აქტიური კონსულტაციები სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან ბოლო რამდენიმე თვეა მიმდინარეობს.

მათივე ინფორმაციით, საგამოფენო ცენტრ "ექსპო ჯორჯიაში" გამართულ კონფერენციას სამთავრობო სტრუქტურების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის ასამდე წარმომადგენელი დაესწრო. კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე დიმიტრი ქუმსიშვილი. მისი განცხადებით, საქართველოს მთავრობისთვის ტურიზმი ერთ-ერთი პრიორიტეტული სფეროა.

,,დღეს ტურიზმიდან შემოსავლები ჩვენს სავაჭრო ბრუნვაში მილიარდ შვიდას მილიონ დოლარს შეადგენს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. დოკუმენტზე, რომელიც უნდა მივიღოთ, მუშაობა 2015 წლის მარტისთვის დასრულდება. ჩვენ უნდა გვქონდეს ნათელი ხედვა, თუ როგორ განვითარდება საქართველოში ტურიზმი 2025 წლამდე. ამის შემდეგ შევქმნით მთავრობის ხუთწლიან სამოქმედო გეგმას, რომელიც ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ გადაიხედება", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

სამინისტროს ინფორმაციით, კონფერენციაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი ჩოგოვაძემ იმ მიზეზებზე ისაუბრა, თუ რატომ გახდა აუცილებელი ტურიზმის ეროვნული სტრატეგიის შემუშავება.

,,მიმართულება, რატომაც იწერება ეს სტრატეგია, არის იმ ტურისტული პოტენციალის მაქსიმალურად ათვისება, რაც საქართველოს გააჩნია, ასევე, ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, რათა ჩვენი ტურისტული ადგილები და კურორტები უფრო ხელმისაწვდომი გახდეს. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოში ტურიზმის განვითარებაზე მსჯელობა ყველა დაინტერესებულ მხარესთან მიმდინარეობდეს", - განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.

მსოფლიო ბანკის მხრიდან, საკონსულტაციო ფირმის, Solimar International- ის წარმომადგენელმა მსოფლიოში არსებულ გამოცდილებასა და ტურიზმის სტრატეგიებზე ისაუბრა. კონფერენციის მონაწილეებმა სექტორის წინაშე არსებული გამოწვევებიც განიხილეს.

"მსოფლიო ბანკის და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის ერთობლივი ძალისხმევა მეწარმეობის განვითარებაზე, ფინანსებზე უკეთ წვდომის უზრუნველყოფაზე, საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებასა და საქართველოს ტურიზმის სტრატეგიის შემუშავებაზეა ორიენტირებული. ამ სტრატეგიამ უნდა აჩვენოს, თუ როგორ მოხდეს ტურიზმის სექტორის გაუმჯობესება, არსებული პრიორიტეტების გადანაწილება და სამუშაო ადგილების შექმნის ხელშეწყობა", - განაცხადა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, ჰენრი კერალიმ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, საბოლოო დოკუმენტი, სამოქმედო გეგმის სახით, 2015 წლის გაზაფხულზე მომზადდება და მას საქართველოს მთავრობა დაამტკიცებს.