ბევრი ხელშეკრულებაა ისეთი, რომელიც ვერ გავიგე, ვერ ვხვდები, რატომ ადევს გრიფი "საიდუმლო", - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, "ნდობის ჯგუფის" წევრმა დავით საგანელიძემ "ნდობის ჯგუფის" დღევანდელი შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.
დეპუტატის ცნობით, წინა ხელისუფლების მიერ განხორციელებული შესყიდვების 85%-ზე მეტს გრიფი "საიდუმლო" ადევს, რაც კითხვებს აჩენს.
"დღეს ჩვენ განვიხილეთ, როგორც თავდაცვის სამინისტროს, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს და მასში შემავალი უწყებების დოკუმენტაცია, რაც მხოლოდ შესყიდვებს ეხებოდა. ჩვენი ძირითადი ამოცანა იყო გვენახა, გადაგვერჩია დოკუმენტაცია და საკითხები იმის მიხედვით, თუ რომლის განსაიდუმლოება შეიძლება და რომლის - არა. ჩემდა გასაკვირად, ბევრი ხელშეკრულებაა ისეთი, რომელიც ვერ გავიგე, ვერ ვხვდები, რატომ არის გრიფით "საიდუმლო" და რა იყო ინტერესი იმისა, რომ ეს შესყიდვები საიდუმლო ყოფილიყო. სწორედ ამ მიმართულებით წავედით, თუმცაღა ბუნებრივია, არსებობს ხელშეკრულებები, რომელიც აღნიშნული გრიფით უნდა იყოს დაცული და ჩვენ ამას არ შევეხებით", - განუცხადა ჟურნალისტებს დავით საგანელიძემ.
პარლამენტის "ნდობის ჯგუფი" პრემიერ-მინისტრს აუდიტის სამსახურის დასკვნის საფუძველზე რამდენიმე მასალაზე გრიფ "საიდუმლოს" მოხსნის წინადადებით მიმართავს.