საქართველოში ექსტენციისა და საკონსულტაციო მომსახურების გაძლიერებასთან დაკავშირებით კონფერენცია გაიმართა

საქართველოში ექსტენციისა და საკონსულტაციო მომსახურების გაძლიერებასთან დაკავშირებით კონფერენცია გაიმართა

სოფლის მეურნეობის სამინისტროს რაიონული საინფორმაციო და საკონსულტაციო სამსახურების თანამშრომელთათვის  USAID-ის პროექტის - „საქართველოში ექსტენციისა და საკონსულტაციო მომსახურების  გაძლიერება“ - ფარგლებში  სასტუმროში ,,თბილისი მერიოტი“ კონფერენცია გაიმართა. ღონისძიება სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ და  USAID-ის პროექტის ხელმძღვანელმა რონალდ სმიტმა გახსნეს. კონფერენცია 3  დღე  გაგრძელდება. მის ძირითად თემას ფერმერებისთვის სასოფლო-სამეურნეო ცოდნისა და დარგის საუკეთესო პრაქტიკის შესახებ ინფორმაციის ეფექტიანი გადაცემა წარმოადგენს.

,,სოფლის მეურნეობის სამინისტროს სტრატეგიის ერთ-ერთი პრიორიტეტი ფერმერთა განათლების ხელშეწყობაა. მნიშვნელოვანია  ექსტენციის  განვითარება. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა რაიონული საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურები, რომლებიც   დარგის სპეციალისტებით დაკომპლექტდა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში მოხდება სპეციალისტების  კვალიფიკაციის ამაღლება, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, რაც   ფერმერთათვის ინფორმაციის უფრო ეფექტიანად მიწოდებაში დაგვეხმარება.  ეს ხელს შეუწყობს გაუმჯობესდეს  სასოფლო-სამეურნეო პროდუქტიულობა და გაიზარდოს სოფლად მაცხოვრებელთა შემოსავლები“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.

 „საქართველოში ექსტენციისა და საკონსულტაციო მომსახურების  გაძლიერება“ ორწლიანი პროექტია, რომელიც ხორციელდება ილინოისის უნივერსიტეტის, ტექსასის უნივერსიტეტისა (Texas A&M University)  და  ,,ვინროკ ინტერნეიშენალის“ (Winrock International)  მონაწილეობით. პროექტის მხარდასაჭერად აშშ-ის მთავრობამ, USAID-ის მეშვეობით, 2.3 მილიონი აშშ დოლარი გამოჰყო.

 „საქართველოში ექსტენციისა და საკონსულტაციო მომსახურების  გაძლიერების“ პროექტი მიზნად ისახავს, მხარი დაუჭიროს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ძალისხმევას, სოფლად პროდუქტიულობის ასამაღლებლად განავითაროს სოფლის მეურნეობის საინფორმაციო და საკონსულტაციო მომსახურების სისტემა. ამ ინიციატივის საფუძველს წარმოადგენს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს  საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურები, რომლებიც 2013 წელს შეიქმნა. პროექტის ფარგლებში სამსახურების  თანამშრომლებისთვის ტრენინგები რეგულარულად  ტარდება.