პარლამენტის ნდობის ჯგუფი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, აუდიტის სამსახურის დასკვნის საფუძველზე, რამდენიმე მასალაზე გრიფ "საიდუმლოს" მოხსნის წინადადებით მიმართავს.
როგორც ნდობის ჯგუფის დასრულების შემდეგ ჯგუფის ხელმძღვანელმა, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, დღევანდელ შეხვედრაზე აუდიტის სამსახურის დასკვნები განიხილეს, რომელიც როგორც თავდაცვის, ისე შინაგან საქმეთა სამინისტორების საიდუმლო შესყიდვებს ეხება და 2011-დან 2013 წლამდე პერიოდს მოიცავს.
სესიაშვილის ცნობით, ვლინდება, რომ გარკვეული საიდუმლო შესყიდვები კანონის გვერდის ავლით განხორციელდა.
"ნდობის ჯგუფის შესახებ კანონის მიხედვით, ჩვენი გვაქვს უფლებამოსილება, თუკი საჭიროდ ჩავთვლით, მასალები შემდგომი გამოძიებისთვის პროკურატურას გადავცეთ ან მივმართოთ პრემიერს, გარკვეული დოკუმენტაციის განსაიდუმლოების მოთხოვნით, თუ დავინახავთ, რომ შესაბამისი შესყიდვა არასწორად განხორციელდა. ამ შემთხვევაში ვიხილავდით, აუდიტის სამსახურის მიერ მიღებულ დასკვნებს საიდუმლო შესყიდვებთან დაკავშირებით. ჩავთვალეთ, რომ გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით საიდუმლო შესყიდვები კანონის გვერდის ავლით განხორციელდა, ყოველ შემთხვევაში ჩვენ ასე მივიჩნიეთ და შესაბამისად, რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით პრემიერს მივმართავთ გრიფის მოხსნის მოთხოვნით", - განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი სესიაშვილმა.