შშმ პირებისგან უნდა ვისწავლოთ, როგორ გავუმკლავდეთ ცხოვრებაში არსებულ გამოწვევებს

შშმ პირებისგან უნდა ვისწავლოთ, როგორ გავუმკლავდეთ ცხოვრებაში არსებულ გამოწვევებს

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისგან უნდა ვისწავლოთ სიმამაცე და ის, თუ როგორ გავუმკლავდეთ ყოველდღიურ ცხოვრებაში არსებულ გამოწვევებს, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რიჩარდ ნორლანდმა ისნის რაიონში ადაპტირებული საბავშვო-ბაღის გახსნაზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, არა მხოლოდ სრული შესაძლებლობის მქონე პირს შეუძლია გააკეთოს რაიმე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, არამედ – პირიქითაც.

"დღეს მსოფლიო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დღეს აღნიშნავს. ამით ჩვენ ხაზს ვუსვამთ არა მხოლოდ იმას, რა შეიძლება გააკეთონ სრული შესაძლებლობის მქონე ადამიანებმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, არამედ პირიქით – რა შეიძლება გააკეთონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებმა დანარჩენი საზოგადოებისთვის. ნამდვილად დიდი სიმამაცეა საჭირო, რომ შეზღუდული შესაძლებლობების პირობებში განაგრძო ცხოვრება, როგორც ოჯახის, საზოგადოების წევრმა. ეს არის თითოეული ჩვენგანისთვის სამაგალითო. პირადად ჩემს მაგალითს მოგიყვებით: ჩემი ბიძაშვილი იყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და ის იყო ჩემთვის სიმამაცის ნიმუში, მიუხედავად იმ სირთულეებისა, რომელსაც ყოველდღიურად აწყდებოდა. ნამდვილად ძალზედ მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ არა მხოლოდ საზოგადოების სრული შესაძლებლობის მქონე წევრებს შეუძლიათ იზრუნონ იმ წევრებზე, რომლებსაც შეზღუდული შესაძლებლობები აქვთ, არამედ ჩვენ შეგვიძლია მათგან ვისწავლოთ სიმამაცე და ავიღოთ მათგან მაგალითი იმის შესახებ, თუ როგორ უმკლავდებიან გამოწვევებს, რომლის წინაშეც ყოველდღიურად დგანან. მათ ჩვენ უნდა ვუსმინოთ. მათ შემოაქვთ ჩვენს ცხოვრებაში ახალი განზომილება", - განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში.

თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ და საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რიჩარდ ნორლანდმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებზე ადაპტირებული საბავშვო ბაღი გახსნეს. ისნის რაიონში მდებარე 215-ე საბავშვო ბაღის ადაპტაცია ამერიკული მხარის დახმარებით განხორციელდა. პროექტის ფარგლებში, საბავშვო ბაღის შენობაში დამონტაჟდა ლიფტი, გაკეთდა ადაპტირებული სათამაშო მოედანი, შეკეთდა სახურავი, ღობე, კანალიზაციის სისტემა და დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის სისტემა.

215-ე საბავშვო ბაღში 470 ბავშვამდე ირიცხება, საიდანაც 15 შეზღუდული შესაძლებლობის არის.