საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, დავით საგანელიძის შეფასებით, რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის უკრაინაში საქართველოს საელჩოების დაკომპლექტების საკითხი გადასახედია.
უკრაინაში საქართველოს მოქმედი ელჩის, მიხეილ უკლებას შესაძლო შეცვლის თაობაზე დასმული კითხვის პასუხად საგანელიძე აცხადებს - ფაქტია, რომ უკრაინასთან მიმართებით გარკვული პრობლემები შეიქმნა.
"უკრაინაში საქართველოს ელჩად ზვიად ჯანყარაშვილის შესაძლო დანიშვის თაობაზე არანაირი ინფორმაცია არ მაქვს და არ ვიცი, საიდან მოდის აღნიშნული ინფორმაცია. შემიძლია გითხრათ ის, რომ ნებისმიერი კანდიდატურა შეიძლება იყოს განხილული. მიმაჩნია, რომ უკრაინაში უფრო დიპლომატიური გამოცდილების მქონე პირებზე შეიძლება გაკეთდეს აქცენტი. უკრაინაში საქართველოს მოქმედი ელჩის შეცვლის საკითხი ჩემთან ნამდვილად არ დამდგარა. არ ვიცი, საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ თემაზე რას ფიქრობს, თუმცაღა ჩემი, ერთი ადამიანის აზრია, რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის უკრაინაში ჩვენი საელჩოების დაკომპლექტების საკითხის გადახედვა მოგვიწევს. ის, რომ დღეს უკრაინაში გარკვეული პრობლემების შეგვექმნა, სახეზეა, თუმცა ანალიზია საჭიროა, რამდენად იყო ეს საელჩოზე დამოკიდებული", - განუცხადა ჟურნალისტებს დავით საგანელიძემ.
მისივე შეფასებით, საქართველოს საგარეო უწყებამ "ბევრი შეცდომა დაუშვა იმ მიმართულებით, რომ ბევრ ქვეყანაში ინფორმაცია სწორად არ იყო მიტანილი, რათა საელჩოებს მთავრობებთან სწორად ემუშავათ".