არსენი იაცენიუკმა მინისტრებს დაავალა, თითოეულმა მინიმუმ 3 პრიორიტეტული მიმართულება განსაზღვროს

არსენი იაცენიუკმა მინისტრებს დაავალა, თითოეულმა მინიმუმ 3 პრიორიტეტული მიმართულება განსაზღვროს

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა არსენი იაცენიუკმა ახლად დამტკციებულ მინისტრებს დაავალა, 2015 წლისთვის განსაზღვრონ მინიმუმ სამი პრიორიტეტული მიმართულება. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ იაცენიუკმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

"თითოეული მინისტრი 2015 წლისთვის განსაზღვრავს 3 პრიორიტეტს და იმასაც, თუ როგორ იქნება ეს პრიორიტეტები შესრულებული. პირველ რიგში, ყველაზე რთული ვითარებაა უსაფრთხოების კუთხით", - განაცხადა იაცენიუკმა.

პრემიერ-მინისტრმა მთავრობის წევრებს წარმატებული მუშაობა უსურვა. მან განსაკუთრებით გამოყო უცხოელი მინისტრები, რომლებმაც მთავრობაში პოსტების დასაკავებლად უკრაინის მოქალაქეობა მიიღეს.

"მადლობელი ვარ იმისთვის, რომ მათ არა მხოლოდ მოქალაქეობა მიიღეს, არამედ სურვილი გამოთქვეს უკრაინული ენა შეისწავლონ", - განაცხადა იაცენიუკმა.

მანვე აღნიშნა, რომ მიმდინარე კვირის ბოლოს მინისტრთა კაბინეტი პარლამენტს სამოქმედო გეგმას წარუდგენს.

უკრაინის რადამ ახალი მინისტრთა კაბინეტი გუშინ 288 ხმით დაამტკიცა.

"პეტრო პოროშენკოს ბლოკიდან" დეპუტატებმა ფინანსთა მინისტრად ნატალია იარესკო, ჯანდაცვის მინისტრად ალექსანდრე კვიტაშვილი, ეკონომიკის მინისტრად აივარას აბრომავიჩუსი, ინფრასტრუქტურის მინისტრად ანდრეი პივოვარსკი, განათლების მინისტრად სერგეი კვიტი, სოციალური პოლიტიკის მინისტრად პაველ როზენკო და სხვა კანდიდატები დაამტკიცეს.

მინისტრები გახდნენ "სახალხო ფრონტის", "რადიკალური პარტიის", "ბატკივშინას" მიერ წარდგენილი კანდიდატებიც.

ასევე, პრეზიდენტ პოროშენკოს წარდგენით სტეპან პოლტორაკმა კვლავ თავდაცვის მინისტრის, პაველ კლიმკინმა კი საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობები შეინარჩუნეს.