პრეზიდენტმა აზერბაიჯანისა და თურქეთის პარლამენტების საგარეო კომიტეტების დელეგაცია მიიღო

პრეზიდენტმა აზერბაიჯანისა და თურქეთის პარლამენტების საგარეო კომიტეტების დელეგაცია მიიღო

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს აზერბაიჯანისა და თურქეთის პარლამენტების საგარეო კომიტეტების დელეგაცია მიიღო. შეხვედრისას რეგიონალური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და პარლამენტების როლზე ისაუბრეს საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის  ურთიერთობის განვითარების საქმეში. მხარეებმა ყურადღება სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირზე გაამახვილეს და ენერგეტიკულ და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე იმსჯელეს. საუბარი ასევე შეეხო უსაფრთხოების საკითხებს.

აზერბაიჯანელმა და თურქმა პარლამენტარებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ და აღნიშნეს რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის გაფორმებული ე.წ. ხელშეკრულებისა და ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯის მიუღებლობა.

შეხვედრისას სამომავლო გეგმებსა და პერსპექტივებზეც იმსჯელეს და აღნიშნეს, რომ აუცილებელია რეგიონალური თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარება და გაძლიერება.

შეხვედრას საქართველოს პარლამენტის წევრი თედო ჯაფარიძე, უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია და პრეზიდენტის მრჩევლები თენგიზ ფხალაძე და გიორგი აბაშიშვილი ესწრებოდნენ.