გივი ხაჭაპურიძე: სარეკლამო ჭრებზე ლიმიტების დაწესება პოპულარული გადაცემების რეიტინგს კიდევ უფრო გაზრდის

გივი ხაჭაპურიძე: სარეკლამო ჭრებზე ლიმიტების დაწესება პოპულარული გადაცემების რეიტინგს კიდევ უფრო გაზრდის

სარეკლამო ჭრებზე ლიმიტების დაწესებას „პი არ საკონსულტაციო ჯგუფის“ დირექტორი, გივი ხაჭაპურიძე ეხმაურება და მიიჩნევს, რომ აღნიშნული ცვლილება იმდენად ფასების ზრდას არ გამოიწვევს, რამდენადაც „პრაიმ ტაიმიდან“ საშუალო დონის ბიზნეს სუბიექტების რეკლამების გაქრობას.

„მსურველთა დიდი რაოდენობიდან გამომდინარე გაიზრდება მოთხოვნა „პრაიმ ტაიმში“ რეკლამის განთავსებაზე. ბუნებრივია, როცა მოთხოვნა იზრდება და ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება, დროის სიმცირის გამო პრაქტიკულად შეუძლებელია, იმატებს ფასებიც. ამ შემთხვევაში, მსხვილ ბიზნეს სუბიექტებს ექნებათ ფინანსური რესურსი გაზრდილი ფასების პირობებშიც კი განათავსონ რეკლამა, რასაც ვერ მოახერხებენ შედარებით მცირე შემოსავლიანი ბიზნეს სუბიექტები და, თანდათანობით, გაქრებიან „პრაიმ ტაიმიდან“. შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ მათი რეკლამები გადაინაცვლებს სხვა მედია საშუალებებში და დიდი ალბათობით, ეს ინტერნეტ სივრცე იქნება.

გარდა ამისა, „პრაიმ ტაიმში“ სარეკლამო ჭრის ხანგრძლივობის შემცირება ისევ და ისევ რეიტინგული გადაცემების წისქვილზე ასხამს წყალს. მაყურებელს აქამდე გათავისებული ჰქონდა, რომ რეიტინგული გადაცემების ეთერში რეკლამა დიდი ხნით, ზოგ შემთხვევაში 20 წუთიც კი გრძელდებოდა. ცვლილებების შემდეგ კი, გაჩნდება მოლოდინი, რომ სარეკლამო ჭრა ძალიან შემცირდა და შესაბამისად მაყურებელი აღარ გადართავს სხვა არხზე.

როდესაც მაყურებელმა იცის, რომ სარეკლამო ჭრის დაწყებიდან მინიმუმ 15 წუთის განმავლობაში აზრი არ აქვს არხზე დარჩენას, იგი ავტომატურად იწყებს ალტერნატიული გადაცემის ყურებას. ალბათობა დიდია იმისა, რომ 15 წუთის შემდეგ ის აღარ დაუბრუნდება პირვანდელ არჩევანს“ - აცხადებს გივი ხაჭაპურიძე და დასძენს, რომ „აღნიშნული საკანონმდებლო რეგულაცია, ბუნებრივია, ცივილურს გახდის მედია სივრცეს, მაგრამ ყველაზე დიდი საფრთხე არის ის, რომ ბიზნეს სუბიექტების გარკვეული კატეგორია ვეღარ შეძლებს „პრაიმ ტაიმში“ პროდუქციის და მომსახურების შესახებ ინფორმაციის მაყურებლამდე მიტანას“.