კვერენჩხილაძე ჯერ არ აკონკრეტებს, რა პოზიცია ექნება პრეზიდენტს

კვერენჩხილაძე ჯერ არ აკონკრეტებს, რა პოზიცია ექნება პრეზიდენტს

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი კვერენჩხილაძე ჯერ არ აკონკრეტებს, რა პოზიციას დაიკავებს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის კანონპროექტთან დაკავშირებით.

"ინტერპრესნიუსის" კითხვაზე, როგორი იქნება მომდევნო ნაბიჯები, დაადებს თუ არა პრეზიდენტი კანონპროექტს ვეტოს, გიორგი კვერენჩხილაძემ უპასუხა: "ჯერ ვერ გეტყვით, შემოვიდეს ჩვენთან კანონპროექტი და მერე პრეზიდენტი გადაწყვეტს".

ამასთან, პრეზიდენტის საპარლამენტიო მდივნისთვის უცნობია, როდის გადაეგზავნება კანონპროექტი პრეზიდენტს ხელმოსაწერად.

ფარულ მოსმენებთან დაკავშირებული კანონპროექტი ხელმოსაწერად საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს, სავარაუდოდ, დღეს გადაეგზავნება. დღესვე გახდება ცნობილი, მოაწერს თუ არა ხელს დოკუმენტს პრეზიდენტი.

პარლამენტმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის კანონპროექტი საბოლოო, მესამე მოსმენით დაამტკიცა.

კანონპროექტს მხარი 73 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი პარლამენტის 30 წევრი წავიდა. კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვაში მონაწილეობა არ მიუღიათ თინა ხიდაშელს და "თავისუფალ-დემოკრატებს".

აღნიშნული კანონპროექტის მიხედვით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების უფლება შსს-ს რჩება, თუმცა, ამოქმედდება ე.წ. ორგასაღებიანი სისტემა, რომელთაგან ერთი "გასაღები" შს სამინისტროს რჩება, ხოლო მეორე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ხელში იქნება.