"ახალი რეალობა WTO-ს ინსტრუმენტის კიდევ უფრო სხვანაირად გამოყენებას მოითხოვს"

საგარეო საქმეთა მინისტრი არ გამორიცხავს, რომ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებაზე არსებული შეთანხმების საფუძველზე, შვეიცარიულ კომპანიასთან დასადები ხელშეკრულება გადაიხედოს.

ასე უპასუხა თამარ ბერუჩაშვილმა კითხვას, თუ რატომ არ აფორმებს ქართული მხარე ხელშეკრულებას შვეიცარიულ კომპანიასთან, რომელმაც რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ტვირთბრუნვის მონიტორინგი უნდა განახორციელოს.

"ამ საკითხზე მუშაობა მიდის. მე უნდა გადავხედო. ახალი რეალობა ასევე მოითხოვს ამ ინსტრუმენტის კიდევ უფრო სხვანაირად გამოყენებას", - განაცხადა ბერუჩაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 2011 წელს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით საქართველოსა და რუსეთის მთავრობებმა დოკუმენტთა პაკეტს მოაწერეს ხელი, რომლის თანახმადაც რუსეთ-საქართველოს საზღვარზე, წინასწარ განსაზღვრულ დერეფნებში, შვეიცარიული კომპანიის მეშვეობით ტვირთბრუნვის მონიტორინგი უნდა დაწყებულიყო. გეოგრაფიული კოორდინატებით წინასწარ განისაზღვრა სავაჭრო დერეფნები და კოორდინატთა ბადეში რუსეთ-საქართველოს საზღვრის კვეთის სამი წერტილი - ფსოუ, როკი და ლარსი ექცევა. ასევე შეირჩა კერძო შვეიცარიული კომპანია SGS, რომელმაც მონიტორინგი უნდა განახორციელოს, თუმცა აღნიშნულ კომპანიასა და ქართულ მხარეს შორის შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება ამ დრომდე ვერ მოხერხდა.