„საერთაშორისო ასპარეზზე ამ თემის აქტუალიზება მაქსიმალურადაა საჭირო“

„საერთაშორისო ასპარეზზე ამ თემის აქტუალიზება მაქსიმალურადაა საჭირო“

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე რუსეთსა და ოკუპირებულ ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის ე.წ. ხელშეკრულების შესაძლო გაფორმებას გამოეხმაურა.

აბაშიძის თქმით, ამის წინააღმდეგ ქართული სახელმწიფოს მთავარი ბერკეტი საერთაშორისო კონტაქტების ამოქმედებაა.

„ჩვენი რესურსები საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზება და ყველა ფორმატში ამ საკითხის აქტუალიზებაა, რასაც ჩვენ უკვე ვაკეთებთ. საგარეო უწყება ძალიან აქტიურადაა ამაში ჩართული. მოგეხსენებათ, მინისტრმა ამაზე საკმაოდ ისაუბრა თუ რა უნდა გაკეთდეს გაერო-ში, საერთაშორისო ორგანიზაციებში, მათ შორის ნატო-ში, ეუთო-ში, ევროპის საბჭოსა და ევროკავშირში. ამ დღეებში ეუთო-ს მინისტერიალია დაგეგმილი. საჭიროა ამ თემის მაქსიმალური აქტუალიზება. სამოქმედო გეგმაში, რომელიც ახლა ხორციელდება, ყველა შესაბამისი სახელისუფლებო შტო უნდა ჩაერთოს და მაქსიმალურად უნდა იყოს საერთაშორისო თანამეგობრობა ინფორმირებული. სამწუხაროდ ესაა ბერკეტი, რაც ჩვენ რეალურად ხელთ გვაქვს“, - განაცხადა აბაშიძემ.

რუსეთმა და ოკუპირებულმა ე.წ. სამხრეთ ოსეთმა პარტნიორობის შესახებ ე.წ. ხელშეკრულება 2015 წლის დასაწყისში შეიძლება გააფორმონ.

ოკუპირებულ აფხაზეთთან გაფორმებული ე.წ. ხელშეკრულების ანალოგიური დოკუმენტის გაფორმებაზე ინფორმაციას ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარე ანატოლი ბიბილოვი ავრცელებს.