დღეიდან შობის მარხვა დაიწყო

დღეიდან შობის მარხვა დაიწყო

დღეიდან მართლმადიდებელი მორწმუნეებისთვის შობის მარხვა დაიწყო, რომელიც 7 იანვარს, უფლის შობის დღესასწაულზე დასრულდება. მარხვა 40 დღე გაგრძელდება. იგი მორწმუნეებს უფლის შობის დღესასწაულისთვის მოამზადებს. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" საპატრიარქოდან აცნობეს, ტრადიციულად, შობის მარხვის დროს, 25 დეკემბრამდე მორწმუნეებს, ოთხშაბათისა და პარასკევის გარდა, კვირის სხვა დღეებში, თევზის მიღება შეეძლებათ. შემდეგ თევზით ხსნილია მხოლოდ 31 დეკემბრის საღამოს და პირველ იანვარს. მორწმუნეებისთვის შემდგომ 7 იანვრამდე მარხვა ჩვეულებრივ გაგრძელდება. 

წმინდა სახარების მიხედვით, უფალი იესო ქრისტე, სულიწმინდის მადლით ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისგან, უდიდესი თავმდაბლობის ნიშნად, ბეთლემში, გამოქვაბულში იშვა, სადაც მწყემსები უამინდობისას საქონელს აფარებდნენ. განკაცებული უფლის შობა იქ მყოფ მწყემსებს უფლის ანგელოზებმა ახარეს. პირველად მათ იხილეს მაცხოვარი. უფრო მოგვიანებით ბეთლემში აღმოსავლეთიდან მოგვებიც მივიდნენ, რომლებიც იქ უჩვეულოდ მოკაშკაშე ვარსკვლავმა მიიყვანა. მათ ახალშობილ მაცხოვარს ძღვენი მიართვეს - ოქრო, გუნდრუკი და მური.